ალჟირის მთავრობა პროტესტანტულ ეკლესიებს ძალის გამოყენებით ხურავს

94 ნახვა
16 გაზიარება
0 კომენტარი

ალჟირის მთავრობა აგრძელებს ქრისტიანთა დევნას და ქვეყანაში არსებული უდიდესი პროტესტანტული ეკლესიების დახურვას. ხელისუფლების განცხადებით, ტიზი-უზუში მდებარე შვიდასკაციანი ევანგელისტური ეკლესია გასულ ოთხშაბათს უნდა დახურულიყო. ხუთშაბათს მრევლი ლოცვისა და უფლის თაყვანისცემისათვის რომ შეიკრიბა, ნაციონალურმა გვარდიამ ალყა შემოარტყა შენობას.

Morning Star News-ის ცნობით, ბევრი ადამიანი შეშინებული გაიქცა ეკლესიის შენობიდან, დანარჩენები კი ძალით გამოათრიეს. ხუცესი სალაჰ ჩალაჰი, რომელიც ალჟირის პროტესტანტული ეკლესიების ხელმძღვანელია, შეეცადა, ჩარეულიყო და დაეცვა თავისი მრევლი, მაგრამ პოლიციამ მას სცემა.

„პოლიციამ ძალის გამოყენებით დაგვატოვებინა ეკლესია, რომელიც 1996 წლიდან კანონიერად მოქმედი ეკლესიაა. 23 წელია, რაც ვარსებობთ და თუ ასე სურდათ მოქცევა, აქამდე რატომ იცდიდნენ? დაე, ყველამ იცოდეს, რომ ჩვენ მიმართ ძალა გამოიყენეს, მათ შორის, ჩვენი დების მიმართაც და ამის ერთადერთი მიზეზი ჩვენი ქრისტიანული რწმენაა. ჩვენ ვამაყობთ იმის გამო, რომ გვდევნიან ჩვენივე რწმენის გამო.“ – განაცხადა ჩალაჰმა მედიასთან საუბრისას.

იმავე დღეს მაკუდაში ხუთასკაციანი ეკლესია დახურეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ეკლესიის ხუცესი, ნურედინ ბენზიდი, ამბობს, რომ 21-ე საუკუნეში მშვიდობიანი ხალხის წინაშე ჩადენილი ამგვარი ქმედება წარმოუდგენელი და მიუღებელია.

ალჟირში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა მუსლიმანია, ქრისტიანულად ცხოვრება ძალიან სახიფათოა. ეკლესიებს მოეთხოვებათ ოფიციალურად დარეგისტრირება, თუმცა ხშირად ამაზე მთავრობა უარს ეუბნება. ქვეყანაში არსებული 46 პროტესტანტული ეკლესიიდან, 15 დაიხურა გასული წლის დასაწყისიდან. ორგანიზაცია „ღია კარების“ (Open Doors USA) ცნობით, ქვეყანაში, სადაც 42 მლნ. მცხოვრებია, ქრისტიანთა რაოდენობა 125,000-ს არ აღემატება.





ქრისტიანული არხი

შემთხვევითი სიახლეები