ამერიკელმა პოლიციელმა საკუთარი შვილი ეკლესიების დაწვისთვის დააკავა

ლუიზიანის შტატის პოლიციამ დააკავა შერიფის მოადგილის ვაჟი, რომელმაც სამ ბაპტისტურ ეკლესიას ცეცხლი გაუჩინა.

28 ნახვა
0 გაზიარება
0 კომენტარი

ლუიზიანის შტატის პოლიციამ დააკავა შერიფის მოადგილის ვაჟი, რომელმაც სამ ბაპტისტურ ეკლესიას ცეცხლი გაუჩინა. აღსანიშნავია, რომ ამ ეკლესიების მრევლი ძირითადად აფროამერიკელია. ეჭვმიტანილის მამა, როი მეთიუსი, საკუთარი შვილის დაკავებაში მონაწილეობდა.

21 წლის ჰოლდენ მეთიუსს ბრალი სამი ხანძრის გაჩენაში წაუყენეს, თითოეული ეპიზოდისთვის მას 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. დანაშაულის ჩადენის მოტივები ამ ეტაპზე უცნობია. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ხანძრები 26 მარტს, 2 და 4 აპრილს ქალაქ ოპელუსას მახლობლად მოხდა. შემთხვევებს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ეჭვმიტანილის ვინაობა გარე სათვალთვალო ვიდეოკამერების დახმარებით დადგინდა. გარდა ამისა, პირველი ხანძრის გაჩენამდე სამი საათით ადრე, ბენზინის ყიდვისას, ჰოლდენ მეთიუსმა საფასური საკუთარი საბანკო ბარათით გადაიხადა.

ლუიზიანის გუბერნატორის ჯონ ბელ ედვარდსის განცხადებით, ამ შემთხვევებმა ბაპტისტური ეკლესიების მრევლს „დაშინების ბნელი პერიოდი“ გაახსენა.

„ფერადკანიანი მოსახლეობის პროგრესის ხელშეწყობის ეროვნულმა ასოციაციამ“ ხანძრებს აფროამერიკელების წინააღმდეგ მიმართული „შიდა ტერორიზმის“ აქტები უწოდა.