აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯიმ კარტერი უსახლკაროთათვის სახლს აშენებს

48 ნახვა
23 გაზიარება
0 კომენტარი

აშშ-ის 39-ე პრეზიდენტი, ჯიმ კარტერი მონაწილეობს ორგანიზაცია „Habitat for Humanity“-ის (არაკომერციული ქრისტიანული ორგანიზაცია) პროექტში, რომელიც ღარიბებისა და უსახლკაროებისათვის თავშესაფრების აშენებას ითვალისწინებს.

კარტერი სახლში წაიქცა კვირას და 14 ნაკერის დადება დასჭირდა, მაგრამ ამის მიუხედავად, მან მაინც გადაწყვიტა, მონაწილეობა მიეღო თავის 36-ე სამშენებლო პროექტში. აღსანიშნავია, რომ მას ცოტა ხნის წინ 95 წელი შეუსრულდა და ის პირველია შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის, რომელმაც ამ ასაკს მიაღწია.

კარტერმა, მშენებლობის დაწყებამდე, ბიბლიური მუხლები და გამამხნევებელი ქრისტიანული საკითხავი წაიკითხა იქ შეკრებილი რამდენიმე ასეული მოხალისის წინაშე.

კარტერის თქმით, ღმერთი გვაძლევს სიცოცხლეს და თავისუფლებას: „ჩვენ გვაქვს თავისუფლება და შეგვიძლია, მივიღოთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება: რას ვირჩევ, როგორი პიროვნება მინდა, რომ ვიყო?“

ჯიმ კარტერს მშენებლობაში მეუღლე, ყოფილი პირველი ლედი, როზალინ კარტერიც ეხმარებოდა. კარტერებთან ერთად იყვნენ ასევე ქანთრის მუსიკის ვარსკვლავები, მეუღლეები – გართ ბრუკსი და ტრიშა იარვუდი. ასევე, ტენესის გუბერნატორი ბილ ლი და მისი მეუღლე მარია ლი.

ნეშვილში ამ კვირის განმავლობაში მოხალისეები ააშენებენ 21 სახლს; ასევე, კარტერების პროექტის (Jimmy and Rosalynn Carter Work Project) მოგროვებული ფულით 2021 წლისათვის 12 სახლი (რომელთაგან თითო დაეთმობა თითო ოჯახს) და 26 ახალი რამდენიმესართულიანი სახლი აიგება.

წყარო: https://time.com