ახალი ქრისტიანული ფილმი ნამდვილ ამბავზე მალე საქართველოს კინოთეატრებშიც გავა

30 ნახვა
0 გაზიარება
0 კომენტარი

“Breakthrough” (გარღვევა, მიღწევა) – ახალი ქრისტიანული ფილმია, რომელიც რეალურ ისტორიას ეფუძნება. ფილმს მაყურებელი 2 წელია ელოდება და ის მსოფლიოს კინოეკრანებზე 2019 წლის აპრილში გამოვა. ქართველი მაყურებლისთვის სასიამოვნო სიახლეა, რომ Kinoafisha.ge-მ უკვე დააანონსა აღნიშნული ფილმი საქართველოს კინოთეატრებშიც.

2015 წლის დასაწყისში 14 წლის ჯონ სმიტი ჩავარდა ყინულის ქვეშ სენტ-ლუიზის ტბაში. მოზარდმა ცივ წყალში 15 წუთი გაატარა, რის შემდეგაც უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს. თითქმის ნახევარი საათის განმავლობაში ექიმები ცდილობდნენ ჯონის გულის ამუშავებას, მაგრამ მათი ყველა ძალისხმევა უშედეგო აღმოჩნდა.

რეანიმაციული ბრიგადის ხელმძღვანელი უკვე  გარდაცვალების დროის გამოცხადებას აპირებდა, როდესაც პალატაში ბიჭუნას დედა შევიდა. სასოწარკვეთილებაში მყოფმა ჯოისმა ღმერთს მიმართა და რამდენიმე წამში ჯონს გული აუმუშავდა. ექიმების თქმით, ისინი ნამდვილი სასწაულის მომსწრენი გახდნენ, რადგან, საბოლოოდ, მოზარდს თავის ტვინის არანაირი დაზიანება არ აღმოაჩნდა.

ჯონ სმიტის სასწაულებრივად გადარჩენის შესახებ ამბავი აშშ-ის ყველა წამყვან საინფორმაციო სააგენტოში მოხვდა, რის შემდეგაც დედამისმა გადაწყვიტა იმ დღის მოვლენების აღწერა და წიგნად გამოცემა.

„Breakthrough“-ის პროდიუსერი დევონ ფრანკლინი იქნება და ფილმი ეკრანებზე 2019 წლის აღდგომისთვის გამოვა. დევონ ფრანკლინს უკვე აქვს გამოცდილება მსგავსი ჟანრის ფილმებში. ის მონაწილეობდა ქრისტიანული დრამის – „სასწაული ზეციდან“ (“Miracles from Heaven”) – შექმნაში, რომელმაც 13-მილიონიანი ბიუჯეტით 73 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი მოუტანა თავის შემქმნელებს.





ქრისტიანული არხი

შემთხვევითი სიახლეები