ბოლივიელი პოლიციელი მკერდში ნასროლი ტყვიისაგან პატარა ბიბლიამ გადაარჩინა

193 ნახვა
60 გაზიარება
1 კომენტარი

ბოლივიელი პოლიციის ოფიცერი, რომელსაც სამოქალაქო მღელვარების დროს მკერდში ესროლეს, ბოლივიის ახლა უკვე ყოფილი პრეზიდენტის – ევო მორალესის გადადგომით გამოწვეული პროტესტისას, ამბობს, რომ ის ბიბლიამ გადაარჩინა, რომელიც მარცხენა გულის ჯიბეში ჰქონდა.

„დიახ, სასწაული იყო,“ – უთხრა ღვთისმოსავმა ქრისტიანმა ოფიცერმა ბოლივიურ მედიას.

ბიბლიის სურათები ადგილობრივ მედიასა და ესპანურენოვან ფეისბუკპოსტშიც გამოქვეყნდა, რომელიც ქრონოლოგიურად აღწერს ინციდენტს. ლურჯი ბიბლიის ზედაპირზე ჩანს პატარა ჩაღრმავება, დაახლოებით ფანქრის სათლელის ზომის. ჩაღრმავების მეორე მხარე უკანა ყდაზე უფრო ფართოა, გვერდები დახეულია და დანაწევრებული. ოფიცერს ჯიბეში ჰქონდა ასევე მეტალის კასტეტი, რომელიც ტყვიით იყო შუაზე გახლეჩილი. ოსკარ გუტიერესი – კრიმინალის წინააღმდეგ მებრძოლი სპეციალური ძალების ხელმძღვანელი, ამბობს, რომ ოფიცერი იყო საპოლიციო ძალების კონტინგენტის ნაწილი; იგი ცდილობდა ქალაქ იაპაკანში წესრიგის აღდგენას, როდესაც მას, სავარაუდოდ, 9-მილიმეტრიანი ტყვია ესროლეს.

„ახალგაზრდა ოფიცრის სიცოცხლე სასწაულებრივად გადარჩა“, – განაცხადა გუტიერესმა და დაამატა, რომ „პოლიციელს თან ჰქონდა ბიბლია, რომელმაც ტყვია შეაჩერა.“

პოლიციის ინსპექტორმა განაცხადა, რომ ოფიცერი სანტა-კრუზის ჰოსპიტალში გადაიყვანეს ანალიზებისთვის და სამსახურში მალე დაბრუნდება.

შეტაკებები იაპაკანში პროტესტის შემდეგ დაიწყო, რომელიც პრეზიდენტ ევო მორალესის წინააღმდეგ სამხედრო გადატრიალებას მოჰყვა. მან მექსიკას შეაფარა თავი. მისმა მომხრეებმა პროტესტი დაიწყეს ქალაქ ლა-პასში დროებით დანიშნული პრეზიდენტის – ხეანინე ანიასის ფიცის დადების ცერემონიიდან რამდენიმე საათში. ძალადობრივი შეტაკებები გაგრძელდა ქალაქებში, მათ შორის იაპაკანში, რომელიც ბოლივიის აღმოსავლეთით, ლა-პასიდან 720 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. იაპაკანის პოლიცია მუშაობდა ქალაქში მთავარი გზის გასახსნელად, როდესაც ოფიცერს ესროლეს.





ქრისტიანული არხი

შემთხვევითი სიახლეები