ბრიტანული სასამართლო მხარს უჭერს ქრისტიანების უფლებას, თავისუფლად გამოხატონ თავიანთი რწმენა

137 ნახვა
58 გაზიარება
0 კომენტარი

ქრისტიანმა სტუდენტმა საქმე მოიგო ბრიტანეთის სააპელაციო სასამართლოში. ის კოლეჯიდან გააძევეს სოციალურ მედიაში სექსუალური ეთიკის შესახებ თავისი აზრის დაფიქსირების გამო, რომელიც მის რწმენას ეფუძნებოდა.

ფელიქს ნგოლე (Felix Ngole) შეფილდის უნივერსიტეტიდან 2016 წელს გარიცხეს. იგი აპირებდა, გამხდარიყო სოციალური მუშაკი.

2015 წელს მან მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში ფეისბუკის გვერდზე, სადაც უპირისპირდებოდა ერთნაირსქესიანთა ქორწინებას. დისკუსიის დროს მას ბიბლიიდან მოჰყავდა მუხლები, რათა განემტკიცებინა ქორწინების შესახებ ტრადიციული ქრისტიანული ხედვა.

დისკუსიიდან რამდენიმე თვის შემდეგ ნგოლეს წინააღმდეგ სარჩელი ანონიმურმა პირმა შეიტანა. უნივერსიტეტმა მას განუცხადა, რომ ნგოლეს არ ესმოდა, თუ როგორი ეფექტი ჰქონდა ფეისბუკზე მის „პოსტს“. მისი ქრისტიანული შეხედულებების გამოხატვა უნივერსიტეტმა მიუღებლად მიიჩნია. მათ მოსთხოვეს სტუდენტს, რომ უნივერსიტეტში სწავლის განმავლობაში ამ საკითხთან მიმართებით აზრის გამოხატვისგან თავი შეეკავებინა.
ნგოლეს ასევე მოსთხოვეს, თავისი ქრისტიანული შეხედულებები საჯაროდ არ გამოეხატა, მათ შორის, არც ეკლესიაში. მას არ შეეძლო თავისი შეხედულებების გამოხატვა სამუშაოზეც, თუნდაც პირდაპირ მიემართათ მისთვის კითხვით.

თავის გადაწყვეტილებაში სასამართლომ საყვედური გამოუცხადა უნივერსიტეტს და განაცხადა, რომ ადამიანებს არ უნდა ეშინოდეთ თავიანთი აზრის გამოხატვის.

სასამართლომ განაცხადა: „რელიგიური შეხედულებების გამოხატვა ცოდვის შესახებ ყველა შემთხვევაში არ ნიშნავს დისკრიმინაციას“.

სტუდენტმა, სასამართლოში თავის გამარჯვებასთან დაკავშირებით, ფეისბუკზე ასეთი „პოსტი“ გამოაქვეყნა.

„თქვენ იტყვით რაღაცას, რაც თქვენს დამსაქმებელს არ მოსწონს და ისინი უბრალოდ გიშვებენ სამსახურიდან. ჩვენ ყველამ ვიცით რაღაც, რისი თქმის შემთხვევაშიც ასეთი პროცესები დაიწყება ჩვენ მიმართ. უმეტეს შემთხვევაში, ჩვენს რწმენასთან დაკავშირებული შეხედულებების გამოხატვის შემთხვევაში მოხდება ეს, თუმცა ქრისტიანულ ქვეყანაში არ უნდა ვიყოთ შეზღუდულები.“

„ეს საქმე, ერთი მხრივ, ქრისტიანებისთვისაა ისტორიული მნიშვნელობის, მეორე მხრივ, სიტყვის თავისუფლების ტრიუმფალური გამარჯვებაა.“ – განაცხადა ანდრეა უილიამსმა (Andrea Williams), ქრისტიანული იურიდიული ცენტრის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა. – „ფელიქსის მეშვეობით, ქრისტიანებმაც და სხვებმაც იციან, რომ მათი სამართლებრივად უზრუნველყოფილი უფლებაა – გამოხატონ ბიბლიური შეხედულებები სოციალურ მედიაში ან ნებისმიერ ადგილას, პროფესიული სტატუსის მიუხედავად, ყოველგვარი შიშის გარეშე.“ – აღნიშნა მან.





ქრისტიანული არხი

შემთხვევითი სიახლეები