განგაში 2019! – ანგარიში კონფლიქტებისა და ადამიანის უფლებების შესახებ

8 ნახვა
0 გაზიარება
0 კომენტარი

კონფლიქტების, ადამიანის უფლებებისა და მშვიდობის მშენებლობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში აანალიზებს მსოფლიოს მდგომარეობას კონფლიქტებისა და მშვიდობის მშენებლობის მიხედვით, რომლებიც, თავის მხრივ, სამ მთავარ ღერძზე დგას, ესენია: შეიარაღებული კონფლიქტები; დაძაბულობა; გენდერი, მშვიდობა და უსაფრთხოება. 2018 წელს მსოფლიოში მიმდინარე ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენების, შეიარაღებული კონფლიქტებისა და სოციალურ-პოლიტიკურად დაძაბული სიტუაციების ბუნების, გამომწვევი გარემოებების, დინამიკის, მონაწილე მხარეებისა და შედეგების ანალიზი რეგიონულ ჭრილში შედარების გაკეთების საშუალებას იძლევა; ასევე, ვლინდება გლობალური ტენდენციები, სამომავლო რისკები და პრევენციული გამაფრთხილებელი ნიშნები. უფრო მეტიც, ანგარიში აიდენტიფიცირებს მშვიდობის მშენებლობის, კონფლიქტების დეესკალაციის, პრევენციის ან გადაჭრის შესაძლებლობებს. ორივე შემთხვევაში ანგარიშის მთავარი მიზნებია: ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, გამაფრთხილებელი ფაქტორების და სამშვიდობო შესაძლებლობის ანალიზი გადაწყვეტილების მიმღებთათვის, რომლებიც კონფლიქტების დროს სამშვიდობო რეზოლუციების შემუშავების პროცესში არიან ჩართულნი ან მათთვის, ვისაც პოლიტიკაში, მედიასა თუ აკადემიურ წრეებში გავლენა აქვთ.
ანგარიში ეფუძნება ისეთ წყაროებს, როგორებიცაა გაერთიანებული ერები, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, კვლევითი ცენტრები, მედია ან არასამთავრობო ორგანიზაციები.

ძირითადი დასკვნები:

2018 წლის განმავლობაში 34 შეიარაღებული კონფლიქტი დაფიქსირდა, რომელთაგან 33 მათგანი წლის ბოლოსთვის კვლავ აქტიური იყო. მათი უმეტესობა მოხდა აფრიკაში (14) და აზიაში (9), მათ მოჰყვება შუა აღმოსავლეთი (6), ევროპა (3) და ამერიკის კონტინენტები (1). შეიარაღებული კონფლიქტების ძირითადი ნაწილი მეტ-ნაკლებად სტაბილური დარჩა, ბოლო 5 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი გართულებების გარეშე.

2018 წელს ისტორიული სამშვიდობო ხელშეკრულების დადების შემდეგ, ეთიოპიის რეგიონში, ოგადენში მიმდინარე სიტუაცია აღარ განიხილება შეიარაღებულ კონფლიქტად, რომლის ხელშემწყობი მხარეები არიან, ერთი მხრივ, ეთიოპიის მთავრობა და, მეორე მხრივ, შეიარაღებული დაჯგუფება „ONLF.“ ბოლო პერიოდში ძალადობის აქტების მკვეთრად გაზრდის გამო ორი მოვლენა კამერუნსა და დასავლეთ საჰელის რეგიონებში, შეიარაღებული კონფლიქტების არეებად განიხილება.
მიუხედავად ძალადობის ინტენსივობისა, კონფლიქტების 38%-ში დაძაბულობამ იკლო (13 შემთხვევა), 35%-ის შემთხვევაში საშუალოდ შენარჩუნდა (12 შემთხვევა) და სხვა 27%-ის შემთხვევაში მაღალი ინტენსივობა შეინიშნება (9 შემთხვევა).
2018 წლის ყველაზე მწვავე კონფლიქტები მოხდა ლიბიაში, მალიში – ტბა ჩადის რეგიონში, სომალიში, სამხრეთ სუდანში, ავღანეთში, ერაყში, სირიასა და იემენში.

ფატალური შემთხვევების რიცხვი ზოგიერთ კონფლიქტში წელიწადში ათასს აჭარბებდა, მაგალითად, ავღანეთში, სადაც დაღუპულთა რაოდენობამ 43 000-ს გადააჭარბა; იემენში, სხვადასხვა აღრიცხვის მიხედვით, 2018 წელს 28 000 ადამიანი მოკლეს, 2016 წლის იანვრიდან ეს რიცხვი 60 200-ს აჭარბებს; სირიაში 2018 წელს 20 000 ადამიანი დაიღუპა; 2011 წლიდან, მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო, 500 000 ადამიანი დაიღუპა.

ძალადობის ესკალაცია მოხდა კონფლიქტების 30%-ში: კამერუნში, მალიში, დასავლეთ საჰელის რეგიონში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, კოლუმბიაში, ავღანეთში, ფილიპინებზე, ინდოეთში. ამ ქვეყნებში 2009 წლიდან მოყოლებული დაღუპულთა ძალიან მაღალი რიცხვი დაფიქსირდა. ასევე მძიმე სიტუაციაა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტში, რომელიც 2014 წლიდან მიმდინარეობს და აგრეთვე, იემენში.

წინა წლებთან შედარებით, კონფლიქტების 1/3-ის შემთხვევაში საბრძოლო მოქმედებებისა და ძალადობის აქტების რიცხვმა იკლო, მაშინ, როდესაც კონფლიქტების 32%-ის შემთხვევაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა.
იმის გათვალისწინებით, რომ შეიარაღებულ კონფლიქტებს მრავალი გამომწვევი ფაქტორი აქვს, 71%-ის შემთხვევაში 34-დან 24 კონფლიქტი, ძირითადად, ოპოზიციის მიერ იქნა გაღვივებული ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე; მათი მოქმედებები მიმართული იყო არსებული მთავრობების წინააღმდეგ ან სახელმწიფოს პოლიტიკურ, სოციალურ თუ იდეოლოგიურ სისტემათა წინააღმდეგ.

კონფლიქტების 82% საერთაშორისო გახდა, რაც გამოიწვია უცხოური ძალების მხარეებად ჩართვამ. შეიარაღებული კონფლიქტის მხარეები იყვნენ მიკერძოებულნი და დაიწყეს თავდასხმები ქვეყნის წინააღმდეგ, ხოლო შემდეგ კონფლიქტი გავრცელდა მეზობელ ქვეყნებშიც.

კონფლიქტების 12% (4 შემთხვევა) იყო არასაერთაშორისო ხასიათის, რაც გულისხმობს შეიარაღებულ კონფლიქტს, რომლის მონაწილენიც ერთ ქვეყანაში დაპირისპირებული მხარეები არიან და რომლებიც მოქმედებენ მხოლოდ ქვეყნის საზღვრებში. აქედან მხოლოდ ორი კონფლიქტი აღიარეს საერთაშორისოდ: კონფლიქტი დასავლეთ საჰელის რეგიონსა და კონფლიქტი ისრაელსა და პალესტინას შორის.

შეიარაღებული კონფლიქტები კვლავ იწვევს და ამწვავებს ჰუმანიტარულ კრიზისს. იემენში მსოფლიოში ყველაზე საშინელი ჰუმანიტარული კრიზისია; 24 მილიონზე მეტ ადამიანს ესაჭიროება დახმარება; ერაყში 6.7 მილიონი ადამიანი ითხოვს შველას; სირიაში ეს რიცხვი 520 000-დან 4.2 მილიონამდე გაიზარდა; ადამიანებს ჰუმანიტარული დახმარება სჭირდებათ იდლიბისა და ალეპოს ტერიტორიებზეც; ბურუნდიში 3.6 მილიონ ადამიანს სჭირდება ჰუმანიტარული დახმარება; კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ქვეყნის 4.5 მილიონი მცხოვრებლიდან 2.9 მილიონი ადამიანი საჭიროებს დახმარებას.
სექსუალური ძალადობა რჩება შეიარაღებული კონფლიქტის თანმდევ მოვლენად. ერაყში, მალიში, მიანმარში, ნიგერიაში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, სომალიში და სამხრეთ სუდანში სექსუალური ძალადობის შემთხვევები 2018 წელს დაიგმო.

იძულებითი გადაადგილება შეიარაღებული კონფლიქტების ერთ-ერთი სერიოზული შედეგი აღმოჩნდა გლობალურ დონეზე. 2018 წელს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2017 წლის ბოლომდე 68.5 მილიონი ადამიანი გახდა იძულებული, რომ დაეტოვებინა საკუთარი სახლი კონფლიქტის, დევნის, ძალადობის ან ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო.
2018 წელს 83 დაძაბული ვითარება გამოიკვეთა მსოფლიოს გარშემო. შემთხვევები ძირითადად შეიმჩნეოდა აფრიკაში (33), აზიაში (18); არსებული შემთხვევები გავრცელდა ევროპაშიც (12), შუა აღმოსავლეთში (11) და ამერიკის კონტინენტებზე (9).

წყარო: https://reliefweb.int





ქრისტიანული არხი

შემთხვევითი სიახლეები