გლობალური შიმშილის ინდექსი

17 ნახვა
1 გაზიარება
0 კომენტარი

გლობალური შიმშილის ინდექსი წარმოადგენს ინსტრუმენტს, რომელიც შექმნილია გლობალურ, რეგიონულ და სახელმწიფო დონეზე შიმშილის დონის გასაზომად. მისი მიზანია შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობის შესახებ ცოდნის ამაღლება საზოგადოებაში. გლობალური შიმშილის მაჩვენებლის დადგენით ყურადღების მიქცევა ხდება მსოფლიოს იმ ტერიტორიებისადმი, სადაც შიმშილის ზღვარი ძალიან მაღალია და სადაც დამატებითი ძალისხმევაა საჭირო შიმშილის აღმოსაფხვრელად.

როგორ ითვლება გლობალური შიმშილის ინდექსი?

ამისათვის ოთხი ინდიკატორია განსაზღვრული თითოეულ ქვეყანაში:

  1.   არასაკმარისი კვება: მოსახლეობის ნაწილი, რომელიც არასაკმარისად იკვებება.  მიღებული კალორიების რაოდენობა არაა საკმარისი, რომ ორგანიზმი ჯანმრთელი იყოს.
  2.   ბავშვთა ავადმყოფობა: 5 წლამდე ასაკის ბავშვების ავადმყოფობა. ისეთი შემთხვევა, როდესაც ფიქსირდება მცირე წონა, რომელიც შეუფერებელია სიმაღლესთან; საკვების ძალზე არასაკმარისი ოდენობა.
  3.   ბავშვებში ზრდის შეჩერება: 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ზრდის შეჩერება; ქრონიკული შიმშილის გამო ბავშვებში სიმაღლის განუვითარებლობა.
  4.   ბავშვთა სიკვდილიანობა: 5 წლამდე ასაკის ბავშვებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი. არასრულფასოვანი კვებისა და არაჯანსაღი გარემოს გამო ბავშვთა სიკვდილიანობა.
რატომ შედგება გლობალური შიმშილის ინდექსი ოთხი ინდიკატორისგან?

ინდიკატორები, რომლებსაც გლობალური შიმშილის ინდექსი მოიცავს, წარმოადგენს კალორიების ნაკლებობას, ისევე, როგორც ცუდი კვების დონეს. არასაკმარისი კვების ინდიკატორი მთელი მოსახლეობის კვების მდგომარეობას ხდის თვალსაჩინოს, მაშინ, როდესაც კონკრეტულად ბავშვებისათვის გაწერილი ინდიკატორები  წარმოადგენს მოსახლეობის ამ განსაკუთრებით დაუცველი ჯგუფის კვების მდგომარეობას. მათთვის სწორი კვების არქონა, პროტეინების არასაკმარისი რაოდენობა, საჭირო ვიტამინების მიუღებლობა არის ავადმყოფობის, ფიზიკური და გონებრივი განუვითარებლობის და სიკვდილიანობის მაღალი რისკის შემცველი.

ვინ განსაზღვრავს ოთხი ინდიკატორის მონაცემებს?

მონაცემებს გაერთიანებული ერების სხვადასხვა წარმომადგენლობები აგროვებენ. არასაკმარისი საკვების შესახებ მონაცემებს განსაზღვრავს გაერთიანებული ერების სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია. ბავშვთა სიკვდილიანობის შესახებ მონაცემების წყაროა გაერთიანებული ერების უწყებათაშორისი ჯგუფი ბავშვთა სიკვდილიანობის შეფასების შესახებ. ბავშვებში ზრდის შეჩერებისა და ბავშვთა ავადმყოფობის მაჩვენებლებს ერთობლივად იკვლევენ გაერთიანებული ერების ბავშვთა ფონდი და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, მსოფლიო ბანკი. 

რატომაა ზოგიერთ ქვეყანაში გლობალური შიმშილის ინდექსი ასეთი მაღალი ან ასეთი დაბალი?

ზოგიერთ ქვეყანაში შიმშილობის მაღალი მაჩვენებელი გამოწვეულია არასაკმარისი კვებით, მოსახლეობის დიდ ნაწილში არასაკმარისი ოდენობის კალორიების მიღებით. სხვა ქვეყნების შემთხვევაში მაღალი მაჩვენებელი შესაძლოა გამოიწვიოს ბავშვთა ავადმყოფობის მაღალმა დონემ, რასაც ხელს უწყობს არასაკმარისი კვების მწვავე პრობლემები; ბავშვებში ზრდის შეჩერება, რასაც განაპირობებს ქრონიკულად არასკმარისი კვება; ბავშვთა სიკვდილიანობა, რომელიც შიმშილისა და კვების დაბალი დონის შედეგია, ასევე იმ მძიმე გამოწვევების შედეგი, რომელთა წინაშეც მოსახლეობა დგება.

წარმოადგენს თუ არა 2019 წლის ინდექსი 2019 წლის მაჩვენებლებს?

გლობალური შიმშილის ინდექსი ბოლო პერიოდში განახლებული ინდიკატორების მონაცემების შედეგად დგება. 2019 წლის გლობალური შიმშილის ინდექსის გამოსათვლელად გამოიყენეს 2016-2018 წლების არასაკმარისი კვების მონაცემები; ბავშვთა ზრდის შეფერხებისა და და ბავშვთა ავადმყოფლობის 2014-2018 წლის მაჩვენებლები, ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებლები 2017 წლიდან.

გლობალური შიმშილის ინდექსი „0“ წარმოადგენს საუკეთესო მაჩვენებელს, ხოლო „100“ ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.

მონაცემები რეგიონების მიხედვით

სამხრეთ აზიასა და სუბსაჰარულ აფრიკაში (აფრიკის კონტინენტის საჰარის სამხრეთით მდებარე ნაწილი) გლობალური შიმშილის ინდექსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება, რაც ოთხივე ინდიკატორის მაღალი მაჩვენებლის შედეგადაა განპირობებული. შიმშილის დაბალი ან საშუალო მაჩვენებელი ფიქსირდება აღმოსავლეთ ევროპაში, ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის ქვეყნებში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ აფრიკაში.

მონაცემები ქვეყნების მიხედვით

2019 წლის გლობალური შიმშილის ინდექსის მონაცემებით, 43 ქვეყანაში შიმშილის უმძიმესი მდგომარეობაა. საგანგაშო სიტუაციაა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ჩადიში, მადაგასკარში, იემენსა და ზამბიაში. სამწუხარო ვითარებაა შიმშილისა და არასაკმარისი კვების გამო ბურუნდიში, კომორის კუნძულებზე, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ერიტრეაში, ლიბიაში, პაპუა-ახალ გვინეაში, სომალიში, სამხრეთ სუდანსა და სირიაში. ჩამოთვლილ ქვეყნებში შიმშილის კოეფიციენტი განსაკუთრებით მაღალია. ჰაიტი და ნიგერია არა მხოლოდ შიმშილის გამო წარმოადგენენ ამ მხრივ ყველაზე დაუცველ ქვეყნებს, არამედ კლიმატის ცვლილების მძიმე გავლენის გამოც.

რეკომენდაციები

ამგვარ რეგიონებსა და ჯგუფებში, რომლებიც განსაკუთრებულ მიდგომასა და ზრუნვას საჭიროებენ, მთავრობებმა და დონორებმა ინვესტიციები უნდა განახორციელონ და მხარი დაუჭირონ სოფლის მეურნეობის განვითარებას; ფერმერებისათვის ხელმისაწვდომი უნდა გახადონ ფართო სერვისებზე, რესურსებსა და ბაზარზე წვდომა. კლიმატურ ცვლილებებთან ადაპტაციის სტრატეგიის შემუშავება უნდა მოხდეს თემებთან შეთანხმებით და ადგილობრივ საჭიროებათა გათვალისწინებით.

უბედური შემთხვევებისათვის უკეთ უნდა მოვემზადოთ.

კატასტროფების რისკის შესამცირებლად დონორებისა და მთავრობების ჩართულობის გაზრდა უნდა მოხდეს შემდეგ მიმართულებებში, რაც მოიცავს წინასწარ გაფრთხილებას და რეაგირების სისტემის გამართულობას, ამინდის პროგნოზირების მექანიზმის მაქსიმალურ მუშაობას და შესაბამისი ინფრასტრუქტურის ქონას.

აუცილებელია კვების სისტემისა და უთანასწორო მდგომარეობის გამოსწორება.

უნდა მოხდეს პროდუქციის წარმოებისა და მოხმარების პროცესში გარდაქმნების განხორციელება. განსაკუთრებით, მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში მნიშვნელოვანია მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის რიცხვის კლების მექანიზმების შემუშავება და ადამიანებისათვის ჯანმრთელ პროდუქტზე ხელმისაწვდომობა. მთავრობებმა ხელი უნდა შეუწყონ პროდუქციის წარმოების მდგრადი სისტემის მუშაობას, რაც გულისხმობს საკვების დანაკარგის მაქსიმალურად თავიდან აცილებას.

წყარო: https://www.globalhungerindex.org





ქრისტიანული არხი

შემთხვევითი სიახლეები