ეთიოპიის პრემიერ-მინისტრი, რომელიც ევანგელისტი ქრისტიანია, იღებს ნობელის პრემიას მშვიდობის დარგში

79 ნახვა
22 გაზიარება
0 კომენტარი

ეთიოპიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებიდან ორ წელიწადზე ნაკლებ დროში, აბი აჰმედმა ძალისხმევა არ დაიშურა იმისათვის, რომ ქვეყანას მშვიდობა დაემყარებინა მეზობელ ერიტრეასთან, რაც ცოტა ხნის წინ შეუძლებელი ჩანდა. მოგვარდა ორ ქვეყანას შორის საზღვრის ხაზთან დაკავშირებული საკითხიც.

მიუხედავად ზოგიერთი ადამიანის მოსაზრებისა, რომ ეთიოპიის პრემიერ-მინისტრისათვის მსგავსი აღიარება ცოტა ნაადრევი იყო, ნობელის კომიტეტმა განაცხადა: „მიუხედავად იმისა, რომ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია, აბი აჰმედი ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილების ინიციატორია, ცვლილებებისა, რომლებიც მოქალაქეებს უკეთესი ცხოვრებისა და ნათელი მომავლის იმედს უსახავს.“

ეთიოპიის პრემიერ-მინისტრი აფრიკის ყველაზე ახალგაზრდა ლიდერია, ის 43 წლის გახლავთ. მან 2018 წლის აპრილში დაიკავა ეს თანამდებობა და მაშინვე შეუდგა ცვლილებების განხორციელებას. გასულ წელს მან ხელი მოაწერა სამშვიდობო ხელშეკრულებას ერიტრეის პრეზიდენტთან, ისაიას აფვერკისთან. ეთიოპიასა და ერიტრეას შორის ათწლეულების განმავლობაში დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობა იყო; ამას მოჰყვა ორწლიანი სისხლიანი კონფლიქტი (1998-2000 წწ.), რასაც საზღვართან მცხოვრები 80 ათასი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, „ნიუ-იორკ ტაიმსის“ ცნობით, ორ ქვეყანას შორის განახლდა საჰაერო მიმოსვლა და ტელეკომუნიკაცია.

აბი აჰმედმა ასევე ხელი შეუწყო ეთიოპიის მართლმადიდებლური ეკლესიის ორი მიმართულების შერიგებას, რომელიც 1991 წელს პოლიტიკურ მიზეზთა გამო გაიხლიჩა. მართლმადიდებელი ქრისტიანები ქვეყნის უმრავლესობას შეადგენენ (მოსახლეობის, დაახლოებით, 40%-ს; 19% პროტესტანტი ქრისტიანია, ხოლო 34% − მუსლიმანი).

 მუსლიმანი მამისა და მართლმადიდებელი ქრისტიანი დედის ვაჟი, აბი აჰმედი თავად პროტესტანტი ქრისტიანია, ეთიოპიის პოლიტიკოსთა უმრავლესობის მსგავსად.





ქრისტიანული არხი

შემთხვევითი სიახლეები