ერდოღანი: „ვინც ისრაელს მხარს უჭერს, თურქეთის მტერია”

200 ნახვა
23 გაზიარება
0 კომენტარი

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი დაუპირისპირდება ყველას, ვინც ისრაელს დაუჭერს მხარს. ამის შესახებ ერდოღანმა ანკარაში, მმართველ პარტიასთან შეხვედრაზე განაცხადა. აღნიშნულ ინფორმაციას Jerusalem Post-ი ავრცელებს.

„ვინც ისრაელს მხარს უჭერს, ყველამ იცოდეს, რომ ჩვენ მათ დავუპირისპირდებით. თურქეთი არ შეეგუება სახელმწიფო ტერორს, რომელსაც ისრაელი პალესტინაში ახორციელებს. სანქციები და მუქარა ვერ შეგვაჩერებს, რომ ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტი დავიცვათ.” – განაცხადა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, რომ ამ განცხადებით ერდოღანი იერუსალიმის შემოგარენში პალესტინური დასახლების ბულდოზერებით დანგრევას გამოეხმაურა. ამ ფაქტის გამო პალესტინის ლიდერმა მაჰმუდ აბასმა ისრაელთან მიღწეული ყველა შეთანხმების მოქმედება შეაჩერა.

უნდა აღინიშნოს, რომ მოგვიანებით, ისრაელის ეროვნული უშიშროების საბჭომ მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელებისთვის 700 სახლის მშენებლობის პროექტი დაამტკიცა. ასეთი გადაწყვეტილება ისრაელმა იერუსალიმის მახლობლად, გამყოფი კედლიდან 400 მეტრში პალესტინელების 12 სახლის დემონტაჟის შემდეგ მიიღო.

სახლების მეპატრონეების თქმით, მშენებლობის უფლება მათ “პალესტინის ადმინისტრაციისგან” ჰქონდათ მინიჭებული. შენობები გამყოფი ბარიერის ისრაელის მხარეზე იყო განთავსებული, რომელიც ისრაელმა 2002 წელს ააშენა, მას შემდეგ, რაც თვითმკვლელი ტერორისტების თავდასხმები გახშირდა. აღნიშნული ტერიტორია ისრაელმა აღმოსავლეთ იერუსალიმში ბუფერულ ზონად გამოაცხადა და იქ მშენებლობა აკრძალა.

შვიდწლიანი სასამართლო დავის შემდეგ, ისრაელის უმაღლესმა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ პალესტინელთა შენობები არაკანონიერი იყო და გარდა ამისა, საფრთხეს ისიც ქმნის, რომ თავდამსხმელებს შეუძლიათ შენობების გამოყენება ისრაელის შეიარაღებულ ძალებზე თავდასხმის განსახორციელებლად.