თურქეთში არსებული ძველი ქრისტიანული ტაძრები, შესაძლოა, მეჩეთებად გადააკეთონ

104 ნახვა
20 გაზიარება
0 კომენტარი

თურქეთის სახელმწიფო საბჭომ ისტორიული ბერძნული მართლმადიდებლური ტაძრის ისლამურ სამლოცველოდ გადაკეთება გადაწყვიტა. აღნიშნული ტაძარი აია-სოფიას შემდგომ საკმაოდ ცნობილია სტამბულში არსებულ ბიზანტიურ ეკლესიებს შორის.

ბიზანტიური ეკლესია „Chora“ მეოთხე საუკუნეში აიგო კონსტანტინეპოლის ტერიტორიის  გარეთ და სამონასტრო კომპლექსის დანიშნულება ჰქონდა.

1945 წელს ტაძარი აღადგინეს და შენარჩუნდა მუზეუმის სახით. მიუხედავად ქრისტიანულ სიმბოლოდ მისი ტრანსფორმაციისა, ისტორიული არტეფაქტების მუდმივმოქმედმა ფონდმა და არტეფაქტებისა და გარემოს სამსახურმა სასამართლოში საქმე წამოიწყეს. ისინი მიუთითებდნენ, რომ შენობა წინათ იყო მეჩეთი და, შესაბამისად, ეკუთვნოდა ფატიჰ სულთან მეჰმედის ფონდს. საბჭოს განცხადებით „მეჩეთი იმ უძრავი ქონების ჩამონათვალშია, რომელიც ფატიჰ სულთან მეჰმედის ფონდს ეკუთვნის.“

ქრისტიანულ ორგანიზაციაზე „International Christian Concern“ დაყრდნობით, სახელმწიფო საბჭოს ეს გადაწყვეტილება შესაძლებელს ხდის იმას, რომ შენობა ფუნქციურად აქტიურ მეჩეთად გადაკეთდეს.

პრინსტონის უნივერსიტეტი დეტალურ ინფორმაციას გვაწვდის ტაძრის ისტორიისა და რელიგიური მნიშვნელობის შესახებ:

„ოსტერჰაუტის აღწერით, აღნიშნული შენობა აია-სოფიას შემდგომ საკმაოდ ცნობილია სტამბულში არსებულ ბიზანტიურ ეკლესიებს შორის. მეჩეთი ყურადღებას იქცევს, რადგან მოზაიკებით და ფრესკებითაა მდიდარი. პირველი ნაგებობა შეიქმნა წმინდა თადეოზის მიერ 534 წელს იუსტინიანეს მმართველობის პერიოდში. მე-11 და მე-12 საუკუნეებში აღდგა კომნენუსის ოჯახის მიერ და მიეძღვნა იესო ქრისტეს. 1296 წელს შენობა დიდი მიწისძვრის შედეგად დაზიანდა და მოგვიანებით გადაკეთდა მეჩეთად, 1511 წელს, მას შემდეგ, რაც თურქებმა  დაიპყრეს სტამბული. 1948 წლიდან ფუნქციონირებდა, როგორც მუზეუმი. „Kariye Museum“ პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობაა.“

მიმდინარე წლის მარტში თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ საკულტო აია-სოფიას კათედრალი, რომელსაც მუზეუმის ფუნქცია აქვს, ისლამური თაყვანისცემის ადგილი უნდა გახდეს.

ერდოღანმა განაცხადა: „როგორც იცით, მეჩეთი მუზეუმად 1935 წელს გადაკეთდა, როგორც სახალხო რესპუბლიკური პარტიის მენტალიტეტის ანარეკლი. ჩვენ, შესაძლოა, ის შევცვალოთ.“

მრავალ ადამიანს სჯერა, რომ უკანასკნელი განცხადება დააჩქარებს პროცესებს და აია-სოფია მეჩეთად გადაიქცევა.

ისტორიკოსი, დოქტორი ვასილიოს მეიქანეთსიდისი ბერძნულ „ტაიმსთან“ საუბარში აცხადებს, რომ მეჩეთთან დაკავშირებული საუბრები არის ისლამური დამყრობლობის ნიშანი, რომლის ფესვებიც ოტომანთა პერიოდიდან მოდის და რეგიონის უხეშ ისლამიზაციას ემსახურება.

„ასეთი მიდგომა ცნობილი იყო ოტომანთა დროს და ამის შედეგად მრავალი ბიზანტიური ეკლესია გადაკეთდა მეჩეთად და სერიოზულად დაზიანდა,“ –  განაცხადა ვასილიოსმა.

სიტუაციის შესახებ ანალიზს გვთავაზობს ორგანიზაციის „International Christian Concern“ რეგიონული მენეჯერი შუა აღმოსავლეთში, კლერ ევანსი.

„როდესაც ახალ აღთქმას ვკითხულობთ, თვალსაჩინოა, რომ ეკლესიის ისტორია თურქეთის ტერიტორიაზე განვითარდა. ქვეყანა თავდაპირველად იყო ქრისტიანული, მაგრამ ოტომანთა შეჭრამ განაპირობა ტერიტორიის ქრისტიანული ისტორიის რღვევა. თუმცა, თანამედროვე თურქეთი არის კონსტიტუციურად სეკულარული, მიმდინარე პოლიტიკური გარემო არის ისლამისტური.

გარემო აძლიერებს რწმენას, რომ ქრისტიანობა უცხო რელიგიაა თურქეთისათვის და მის ეროვნულობას ემუქრება. მართლაც, პრეზიდენტმა ერდოღანმა ააგო საფუძველი ამ კონცეფციის გასამყარებლად, რომ პოლარიზებული გაეხადა საზოგადოება და გაეღრმავებინა „ჩვენ და ისინი“ შეხედულება. ისტორიული ტაძრები რთული საკითხია თურქებისთვის. მრავალი ადამიანი ვერ აანალიზებს, რომ ქვეყანა თავდაპირველად იყო ქრისტიანული და რომ ისლამია უცხო რელიგია და არა ქრისტიანობა. ისტორიული ეკლესიების, რომლებიც ახლა როგორც მუზეუმები, ისე ფუნქციონირებენ, მეჩეთებად გარდაქმნა მთავრობის პოლიტიკის ნაწილია და აძლიერებს იდენტობას და ასოციაციას ოტომანთა პერიოდის ქვეყანასთან.“ – განაცხადა მან.