ილინოისის შტატის საჯარო სკოლებში ლგბტ თემის ისტორიის სწავლება სავალდებულო ხდება

70 ნახვა
23 გაზიარება
0 კომენტარი

ილინოისის გუბერნატორმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც საჯარო სკოლებში ლგბტ თემის ისტორიის სწავლება სავალდებულო ხდება. კანონპროექტის მიხედვით საჯარო სკოლებში ისტორიის სწავლება უნდა მოიცავდეს ლგბტ თემის წარმომადგენელთა როლსა და მათ წვლილს ქვეყნის ისტორიაში.

ლგბტ თემისადმი მიმართვაში, გუბერნატორმა პრიცკერმა განაცხადა: „ლგბტ თემის წევრები არა მხოლოდ ჩვენი საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები არიან, ისინი ჩვენი თანასწორი პარტნიორები იქნებიან, რათა თანასწორობა ყველასათვის რეალობად იქცეს.”

გუბერნატორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის უპირისპირდება დონალდ ტრამპის პოლიტიკას ლგბტ თემის უფლებებთან დაკავშირებით. მან რესპუბლიკური პარტია ამ საკითხთან რადიკალური მიდგომის გამო გააკრიტიკა.

სენატორი ჰეზერ სტანსი, რომელიც მხარდაჭერას უცხადებდა კანონპროექტს, ამბობს, რომ ახალი სასწავლო გეგმა არა მხოლოდ უზრუნველყოფს, „ისტორიის სწორი ვერსიის“ სწავლებას, არამედ, ასევე ხელს შეუწყობს ლგბტ საზოგადოებისადმი მიმღებლობას საზოგადოების მიერ.

„იმედი მაქვს, რომ მოსწავლეებისათვის ისტორიაში ლგბტ საზოგადოების ღვაწლის სწავლებით, უფრო უსაფრთხო გარემოს შექმნას შევუწყობთ ხელს. ლგბტ ბავშვებსა და თინეიჯერებს საშუალება ექნებათ ჰყავდეთ მისაბაძი მაგალითები, რომლებიც მათ გამოცდილებას გაუზიარებენ.“– განაცხადა სტანსმა.

ახალმა მიდგომამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ბევრი პოლიტიკოსის აზრით, არასწორია ამ საგნისთვის სავალდებულო სტატუსის მინიჭება მისი სენსიტიურობიდან გამომდინარე.

„აიძულო ბავშვებს, რომ ისწავლონ ლგბტ თემის ისტორია, როგორც საჯარო სკოლებში სასკოლო განათლების აუცილებელი კომპონენტი, ამას თანასწორობასთან საერთო არაფერი აქვს.“– განაცხადა ს.ჯ. პირსონმა.