ისლამიდან ქრისტემდე – სირიელი ქრისტიანების ნაამბობი

ახლად დაარსებული ქრისტიანული ეკლესიის წევრები ქობანში ჰყვებიან, როგორ გახდნენ ქრისტიანები შარიათის კანონებით ცხოვრების შემდეგ.

41 ნახვა
0 გაზიარება
0 კომენტარი

სირიელი ქრისტიანები გვიზიარებენ, როგორ მოექცნენ ისლამიდან ქრისტიანობაზე მას შემდეგ, რაც ისლამური ექსტრემისტული ჯგუფების ქმედებათა მოწმენი გახდნენ სირიაში. იხსენებენ ისლამური სახელმწიფოს ბარბაროსულ ქმედებებს, რომელსაც ისინი ალაჰის სახელით სჩადიოდნენ.

ახლად დაარსებული ქრისტიანული ეკლესიის წევრები ქობანში ჰყვებიან, როგორ გახდნენ ქრისტიანები შარიათის კანონებით ცხოვრების შემდეგ.

ფარჰად იასიმი

ფარჰად იასიმი, 23 წლის, მუშაობს მექანიკოსად. ქრისტიანი გახდა გასულ წელს. 2016 წელს, მას შემდეგ, რაც ისლამური სახელმწიფოს მეომრებმა შეიტყვეს, რომ ფარჰადს ისლამის საბაზისო ცოდნა არ გააჩნდა, იგი დააპატიმრეს და 6 თვის განმავლობაში ციხეში ამყოფეს. ტყვეობის დროს მას აწამებდნენ და აიძულებდნენ, ეკითხა ყურანი.

მას შემდეგ, რაც ჩემი თვალით ვიხილე მათი სისასტიკე, ჩემს რწმენას სკეპტიკურად ყურება დავუწყე. – ამბობს იასიმი.

მას შემდეგ, რაც გაიგო ბრეზერნის ეკლესიის შესახებ, რომელიც სექტემბერში გაიხსნა, იასიმმა გადაწყვიტა, სწვეოდა ამ ეკლესიას. დიდი დრო არ დამჭირვებია, რათა მივმხვდარიყავი, რომ ქრისტიანობა არის ის რელიგია, რომელსაც ვეძებდი. – ამბობს ის.

სწორედ ამის გამო ოჯახმა უარყო იასიმი, თუმცა იგი იმედოვნებს, რომ ერთ დღეს მისი საყვარელი ადამიანები არათუ აპატიებენ მას, არამედ ქრისტიანობასაც მიიღებენ.

თუ ისლამური სახელმწიფო არის ის, რაც ისლამს წარმოადგენს, აღარ მინდა, რომ მუსლიმანი ვიყო,“ – ამბობს იგი, – მათი ღმერთი  ჩემი ღმერთი არაა.

ფირასი

ფირასი, 47 წლის ფერმერი, “ენბისი”-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ორი წელი ისლამური სახელმწიფოს მმართველობის პირობებში იცხოვრა, გადაწყვიტა, ქრისტიანი გამხდარიყო. ის იხსენებს, როგორ ატერორებდნენ მეომრები ნებისმიერ პირს, ვინც ისლამს საკუთარ სარწმუნოებად არ აღიარებდა.

დავინახე, როგორ ამათრახებდნენ კაცებსა და თინეიჯერებს, სიგარეტის მოწევის გამო. მე ვნახე ახალგაზრდა კაცების მკვდარი სხეულები. ისინი  მაღალი შენობებიდან გადმოყარეს,  არატრადიციული ორიენტაციის გამო. ეს იყო მათი ისლამი. თუ იმქვეყნიური ცხოვრება ისლამური სახელმწიფოსა და მათი რწმენისთვისაა შექმნილი, ვისურვებ, ჯოჯოხეთში მოვხვდე, ვიდრე მათთან ერთად ვიყო, თუნდაც სამოთხეში. – ამბობს იგი.

მიუხედავად იმისა, რომ ისლამურმა სახელმწიფომ სირიათურქეთის საზღვარზე მდებარე ქალაქი 4 წლის წინ დატოვა, ქრისტიანად მონათვლა კვლავ ტაბუდ რჩება და საშიშია იმ რეგიონში, სადაც მუსლიმანთა უმრავლესობა ცხოვრობს.

საერთაშორისო ორგანიზაცია “Open Doors“-ი ამბობს, რომ სირიის ყველაზე დაცულ ნაწილშიც კი ადამიანები, რომლებიც ქრისტიანები გახდნენ, დიდი წნეხისა და დისკრიმინაციის ქვეშ ექცევიან ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან. სტატისტიკის მიხედვით, ქობანში, დაახლოებით, 300 ქრისტიანი ცხოვრობს.

ეკლესიის დიაკვანი, 38 წლის ომარი ამბობს: „სანამ ისლამური სახელმწიფო დაიკავებდა რეგიონს, მკაცრად იყო აკრძალული რელიგიის შეცვლა; მაგრამ ისლამური სახელმწიფოს მმართველობის პერიოდში ქრისტიანად გახდომაზე ოცნებაც კი შეუძლებელი იყო, ისლამური სახელმწიფოს მეომრები დაუყოვნებლივ მოგკლავდნენ. ჩვენი ძმების უმრავლესობამ რელიგია შეიცვალა და ეკლესიაში მოვიდა მათი და მათი ოჯახების მიმართ ისლამური სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ქმედებების გამო. არავის ვაიძულებთ, რომ შეიცვალონ რელიგია. ჩვენ მხოლოდ ვლოცულობთ მათთვის, ჩვენი მიზანია სიყვარულის, ძმობისა და ტოლერანტობის გავრცელება.

ამ ეტაპზე სირიელთა 4.6 პროცენტი ქრისტიანია. დაახლოებით 700.000-მა ქრისტიანმა დატოვა სირია სამოქალაქო ომის გამო, რომელიც 2011 წელს დაიწყო.

დეკემბერში პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის ჯარებს გაიყვანდა სირიიდან:  ჩვენ გავიმარჯვეთ ისლამურ სახელმწიფოზე, დავიბრუნეთ ქვეყანა და დროა, ამერიკული ჯარები შინ დაბრუნდნენ.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ამერიკის ჯარების  სირიიდან გამოსვლა გაზრდის ქრისტიანების, ქურთებისა და სხვა ეთნიკური უმცირესობების დევნის რისკს. ტრამპმა მოგვიანებით განმარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ისლამური სახელმწიფო და სხვა ტერორისტული ჯგუფები კვლავ გაძლიერდებიან, შეერთებული შტატები სამხედრო ძალებს კვლავ დააბრუნებს ქვეყანაში.