მაიკ პომპეოს აკრიტიკებენ იმის გამო, რომ საკუთარ თავს „ქრისტიანი ლიდერი“ უწოდა

106 ნახვა
21 გაზიარება
0 კომენტარი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო კრიტიკის ქარცეცხლში მოჰყვა, რადგან მან საჯაროდ ისაუბრა იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს, იყო „ქრისტიანი ლიდერი“. ეს გამოსვლა სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გასულ კვირას გამოქვეყნდა, რამაც მუსლიმანურ, ებრაულ და საერო საზოგადოებათა გაღიზიანება გამოიწვია. მათი თქმით, ეს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის გავლებული ხაზის გადაკვეთას ნიშნავს.

პომპეო სიტყვით გამოვიდა ნეშვილში გამართულ ამერიკის ქრისტიან კონსულტანტთა ასოციაციის მსოფლიო კონფერენციაზე. მან მიმართა ქრისტიან კონსულტანტებს და უთხრა, რომ მათ მსგავსად, თავადაც „ღვთის სიბრძნეს“ იყენებს, რათა იმოქმედოს „ადამიანთა სასიკეთოდ“.

პომპეომ თავის გამოსვლაში ასევე აბრაამ ლინკოლნის ცნობილი სიტყვები გაიხსენა:

„მე ხშირად დავჩოქილვარ ღმერთის წინაშე, რადგან მტკიცედ ვიყავი დარწმუნებული, რომ სხვას ვერავის მივმართავდი.“

მაიკ პომპეომ ასევე აღნიშნა, რომ ცდილობს, ყოველ დილით ცოტაოდენი მაინც წაიკითხოს ბიბლიიდან.

„წმინდა წერილი მოგვიწოდებს იმისკენ, რომ ‘შევიცვალოთ ჩვენი გონების განახლებით’. ჩემთვის აუცილებელია, რომ ჭეშმარიტებით განვიახლო გონება ყოველდღიურად და ერთ-ერთი, რასაც ეს ჭეშმარიტება მასწავლის, თავმდაბლობაა. როგორც იგავების წიგნშია დაწერილი: ‘თავმდაბალთ სიბრძნე ახლავს’.“ – განაცხადა პომპეომ.

როგორც უკვე ითქვა, პომპეო ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის გავლებული ხაზის გადაკვეთაში დაადანაშაულეს. მის წინააღმდეგ გამოთქმულ კომენტარებს ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა და განაცხადა:

„რადიკალურ მემარცხენეთა მცდარი მოსაზრებების მიუხედავად, ყველამ ვიცით, რომ ყველა უფლება ყოვლისშემძლე ღმერთსაგან გვეძლევა და ამ უფლებებს ვერავინ წაგვართმევს.“