კათოლიკე ბერი მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებელი გახდა

მასწავლებელთა გლობალური ჯილდოს მფლობელი კენიელი მასწავლებელი პიტერ ტაბიჩი გახდა. ის აფრიკაში მათემატიკასა და ფიზიკას ასწავლის.

22 ნახვა
0 გაზიარება
0 კომენტარი

მასწავლებელთა გლობალური ჯილდოს მფლობელი კენიელი მასწავლებელი პიტერ ტაბიჩი გახდა. ის აფრიკაში მათემატიკასა და ფიზიკას ასწავლის.

36 წლის ტაბიჩი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა. პედაგოგი კათოლიკური ეკლესიის წევრია, ის ფრანცისკანელი ბერია. ფრანცისკანელთა ორდენი ჩამოყალიბდა 1209 წელს ასკეტი ბერის, მე-13 საუკუნის წმინდანის ფრანცისკ ასიზელის მიერ, რომელიც ცხოვრობდა ღარიბებთან ერთად და მკურნალობდა ავადმყოფებს.

„ყოველდღე აფრიკაში ჩვენ ვშლით ახალ გვერდს, ახალ თავს. დღეს კიდევ ერთი დღეა. ეს ჯილდო არა ჩემი, არამედ დიდებული კონტინენტის ახალგაზრდობის აღიარებაა. მე დღეს აქ მარტო იმის წყალობით ვარ, რასაც ჩემმა მოსწავლეებმა მიაღწიეს. ეს პრიზი აძლევს მათ შანსს. ეს ეუბნება სამყაროს, რომ მათ ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ.“ – თქვა ტაბიჩიმ ჯილდოს მიღების შემდეგ.

„ვულოცავ პიტერ ტაბიჩის 2019 მასწავლებლის გლობალური ჯილდოს მიღებას. ის ნამდვილად გამორჩეული მასწავლებელი და პიროვნებაა და დღეს მისი გამოცდილება და სიტყვა ყველაზე მეტად სჭირდება სამყაროს.“ – განაცხადა საქართველოს წარმომადგენელმა ლადო აფხაზავამ.

მასწავლებელთა გლობალური ჯილდოს მფლობელი  კერიკოს საშუალო სკოლაში ძველი მოპედით დადის და შემოსავლის 80 პროცენტს ადგილობრივ ორგანიზაციებს ურიცხავს. ამბობს, რომ მასწავლებლობა მისი მოწოდებაა და სისხლში აქვს, რადგან მამამისი, ბიძა და ბიძაშვილებიც მასწავლებლები იყვნენ. ის ასწავლის სოფელ პვანის სკოლაში, კენიის ცენტრისგან მოშორებულ ღარიბ რეგიონში, სადაც გვალვა და შიმშილობა ჩვეულებრივი ამბავია. მისი მოსწავლეებიდან თითქმის ყოველი მესამე ობოლია, ბევრ მათგანს კი სახლში საჭმელი არ აქვს. ბავშვებს სკოლაში მისასვლელად კილომეტრების ფეხით გავლა უწევთ გზაზე, რომელიც წვიმიანობისას გაუვალი ხდება.

ნარკოტიკების მოხმარება, არასრულწლოვანთა ფეხმძიმობა და ქორწინება, სკოლის მიტოვება ადრეულ ასაკში და თვითმკვლელობა ამ რეგიონში ხშირად ხდება. სკოლაში, სადაც პიტერი ასწავლის, 58 მოსწავლე, ერთი კომპიუტერი, ერთი მასწავლებელი და ცუდი ინტერნეტია.

პიტერმა სკოლაში შექმნა ტალანტებისა და სამეცნიერო კლუბები, რომელთა მიზანიც მოსწავლეების კვლევით პროექტებში ჩაბმა და მეცნიერებით დაინტერესებაა. კენიის სამეცნიერო-ტექნიკურ ბაზრობაზე პიტერის მოსწავლეებმა წარადგინეს მათ მიერ შექმნილი მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც მხედველობა და სმენადაქვეითებულ ადამიანებს საშუალება ეძლევათ, გაზომონ საგნები.

პიტერის მოსწავლეებმა მიიღეს ჯილდო ქიმიკოსთა სამეფო საზოგადოებიდან მას შემდეგ, რაც გამოიყენეს ადგილობრივი მცენარე ელექტროენერგიის მისაღებად.

პიტერის სკოლის მათემატიკოსთა გუნდი მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკურ გამოფენაში, რომელიც წელს არიზონაში იმართება.

სამი წლის განმავლობაში სკოლაში მოსწავლეების რაოდენობა გაორმაგდა, დისციპლინის დარღვევის შემთხვევები კვირაში 30-დან 3-მდე შემცირდა.

2017 წელს 59 მოსწავლიდან მხოლოდ 16-მა მოახერხა სწავლის კოლეჯში გაგრძელება, ეს ციფრი 2018 წელს გაიზარდა. გასულ წელს პიტერის 26 მოსწავლე გადავიდა უნივერსიტეტსა და კოლეჯში.





ქრისტიანული არხი

შემთხვევითი სიახლეები