რა არის ომის დანაშაული ?

12 ნახვა
0 გაზიარება
0 კომენტარი

მსოფლიოში შეიარაღებული კონფლიქტების დროს სამოქალაქო პირებს თავს ესხმიან და კლავენ. როდის წარმოადგენს ასეთი თადასხმები ომის დანაშაულს?

სირიაში, იემენსა და ერაყში კონფლიქტებისას სამოქალაქო პირები ომის დროს დარტყმების ობიექტები გახდნენ. სამოქალაქო მოსახლეობა და ის პირები, რომლებიც მეტად აღარ არიან ჩართულნი საბრძოლო მოქმედებებში, დაცულნი არიან საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით, სამართლით, რომელიც ომში მოქმედებას არეგულირებს.

ომის დანაშაული ყველაზე მძიმე საერთაშორისო დანაშაულთა შორისაა. თუმცა რას წარმოადგენს ეს დანაშაული?

გაერთიანებული ერების დოკუმენტების მიხედვით, ომის დანაშაული არის საერთაშორისო სამართლის სერიოზული დარღვევა, რომელიც მიმართულია სამოქალაქო მოსახლეობის ან „მტერი კომბატანტების“ წინააღმდეგ საერთაშორისო თუ არასაერთაშორისო კონფლიქტების დროს.

ომის დანაშაული მოიცავს გადამეტებული ზიანის ან არასაჭირო ტანჯვის მიყენებას. მიუხედავად კანონის უხეში დარღვევისა, რომელიც სკოლების ან ქვეყნის სატელევიზიო სადგურების დაბომბვითაა გამოწვეული, ასეთი ქმედებები აუცილებლად არ ნიშნავს ომის დანაშაულს. ასეთი დაბომბვა ომის დანაშაულია იმ შემთხვევაში, თუ თავდასხმის შედეგად სამოქალაქო პირთა დანაკარგი გადაჭარბებულია იმასთან შედარებით, რაც სამხედრო უპირატესობის მოსაპოვებლადაა საჭირო. გენოციდის დანაშაულისგან განსხვავებით ომის დანაშაული მხოლოდ შეიარაღებული კონფლიქტის კონტექსტში ხორციელდება.

ჟენევის კონვენცია

მიუხედავად იმისა, რომ ომის დანაშაულს უფრო ძველი ფესვები აქვს, დანაშაულის ნიშნების განსაზღვრა მე_19 საუკუნის მიწურულიდან დაიწყო. ომის დანაშაული განმარტებულია 1949 წლის ჟენევის კონვენციაში.

ჟენევის მე-4 კონვენციის 147-ე მუხლის მიხედვით ომის დანაშაულებია:

„…წინასწარი განზრახვით მკვლელობა, წამება ან არაადამიანური მოპყრობა, ბიოლოგიური ცდების ჩათვლით; წინასწარი განზრახვით მძიმე ტანჯვის ან სერიოზული ზიანის მიყენება სხეულისთვის ან ჯანმრთელობისათვის; დაცვის ქვეშ მყოფი პირის უკანონოდ დეპორტაცია, გადაყვანა ან დაპატიმრება; დაცვის ქვეშ მყოფი პირისათვის მოწინააღმდეგე შეიარაღებულ ძალებში მსახურობის იძულება; დაცვის ქვეშ მყოფი პირისათვის წინამდებარე კონვენციის გათვალისწინებით სამართლიანად და ჩვეულებრივი წესით გასამართლების უფლების განზრახ ჩამორთმევა; მძევლების აყვანა და ფართო მასშტაბით წარმოებული უკანონო თვითნებური ნგრევა და ქონების მითვისება, რომელიც სამხედრო აუცილებლობით არ არის გამართლებული.“ კონვენციის მიხედვით, აღნიშნულ დანაშაულებზე სახელმწიფოების იურისდიქციის გავრცელების კომპონენტი მნიშვნელოვანია.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო

სასამართლოს სადამფუძნებლო დოკუმენტმა ომის დანაშაულების სია გააფართოვა. მაგალითად, იძულებითი ორსულობა აღიარებულია ომის დანაშაულად. სასამართლოში რამდენიმე საქმის მოსმენა გაიმართა ომის დანაშაულებთან დაკავშირებით.  ჟან პიერ ბემბა, პოლიტიკოსი და კონგოს ვიცე- პრეზიდენტი, ბრალდებული იყო ომის დანაშაულებში, რომელიც მოიცავდა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამოქალაქო მოსახლეობის მასობრივი გაუპატიურებისკენ მოწოდებას. ბოსკო ტაგანდას საქმეში, სექსუალური ხასიათის დანაშაულები, რომელთაც კონგოელი შეიარაღებული დაჯგუფება იმავე ჯგუფის სხვა წევრების მიმართ ახორციელებდა, სასამართლომ ომის დანაშაულად მიიჩნია.

პროპორციულობა, განსხვავება და სიფრთხილის ზომები. ჰუმანიტარული სამართალი ამ სამ სვეტზე დგას. თუ რომელიმე ამ პრინციპთაგანი დაირღვევა, ეს შესაძლოა მიანიშნებდეს იმას, რომ ომის დანაშაული განხორციელდა. წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციაზე დაყრდნობით, პროპორციულობის პრინციპი კრძალავს „ისეთი თავდასხმის განხორციელებას, რომელიც გამოიწვევს მსხვერპლს სამოქალაქო მოსახლეობაში, სამოქალაქო პირთა დაჭრას ან სამოქალაქო ობიექტების დაზიანებას, ან ისეთ შედეგთა ერთობლიობას, რომელიც აღემატება ასეთი თავდასხმისგან მოსალოდნელ კონკრეტულ და უშუალო სამხედრო უპირატესობას.“

განსხვავების პრინციპი კომბატანტებისა და სამოქალაქო მოსახლეობის განსხვავებას გულისხმობს. ამ პრინციპის მიხედვით, კრიმინალიზებულია პირდაპირი და განზრახ თავდასხმა შეიარაღებული კონფლიქტის სიტუაციების დროს სამოქალაქო მოსახლეობაზე. აღნიშნული პრინციპის მიხედვით, საომარი მოქმედებების წარმოებისას მხარეებმა მუდმივად უნდა იზრუნონ სიფრთხილის ზომებზე სამოქალაქო მოსახლეობის, სამოქალაქო პირებისა და ობიექტების დასანდობად. ამ პრინციპის განზრახ დარღვევით, შესაძლოა, ომის დანაშაული დადგინდეს.

ომის დანაშაულების გამოძიება

მიუხედავად იმისა, რომ მრავალ სახელმწიფოს აქვს ჟენევის  კონვენცია რატიფიცირებული, ომის დანაშაულები ხშირად დაუსჯელი რჩება. მარკ დრამბლი, ვაშინგტონისა და ლის უნივერსიტეტის პროფესორი ამბობს, რომ ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: მტკიცებულებათა მოპოვება; პოლიტიკური ძალაუფლების გამოყენების დადასტურება; მნიშვნელოვანია ისიც, თუ ვინ უნდა განიხილოს საქმე, საერთაშორისო თუ ეროვნულმა სასამართლომ; და აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ომის შემდგომ სამართლიანობას კონფლიქტის გამარჯვებული მხარე ადგენს.

წყარო: https://www.aljazeera.com





ქრისტიანული არხი

შემთხვევითი სიახლეები