„ჩვენ გვწამს ღმერთის“ – წარწერა ლუიზიანის შტატის ყველა სკოლაში

150 ნახვა
2 გაზიარება
0 კომენტარი

ახალი კანონმდებლობის მიხედვით, ამერიკის შტატ ლუიზიანაში ყოველი სკოლის შენობაზე გამოსახული იქნება ეროვნული დევიზი: „ჩვენ გვწამს ღმერთის.“ ეს ფრაზა შეერთებული შტატების  ეროვნულ ვალუტაზეცაა დატანილი.

კანონი მიმდინარე სასწავლო წლის დაწყებისთანავე ამოქმედდება და მისი მიხედვით, ყოველი საჯარო სკოლის მმართველმა ორგანომ ეროვნული დევიზი სკოლებსა და ადმინისტრაციულ შენობებზე უნდა განათავსოს.

დემოკრატმა გუბერნატორმა ჯონ ბელ ედვარდსმა კანონპროექტს ხელი გასულ წელს მოაწერა. კანონპროექტმა სენატში მხარდაჭერა ოცდაცამეტი ექვსის წინააღმდეგ – ამ თანაფარდობით მიიღო, ხოლო წარმომადგენელთა პალატაში ოთხმოცდაცამეტი თორმეტის წინააღმდეგ დაფიქსირდა.

„ეროვნული დევიზის შესახებ სწავლება უნდა დაიწყოს მეხუთე კლასიდან, სოციალურ მეცნიერებათა შემსწავლელი საგნების ფარგლებში. მე კვლავაც ურყევად მჯერა, რომ ამერიკა ქრისტიანული ერია.” – განაცხადა შელბი ეინსვორზმა, „ვესტ მონროს“ სკოლის დირექტორმა.

დემოკრატი სენატორი რეჯინა ბაროუ კანონპროექტის მთავარი სპონსორი იყო. მან საინფორმაციო გვერდ „WWL“-ს გასულ წელს განუცხადა, რომ ამერიკამ მორალური ზიანი განიცადა საჯარო სკოლებიდან ღმერთის შესახებ სწავლების ამოღებით.

„ჩვენი საზოგადოება და ჩვენი სკოლები მორალური დეგრადაციის წინაშე დგანან, რადგან სასკოლო სისტემიდან ღმერთის შესახებ სწავლება ამოვიღეთ.“ – განაცხადა ბაროუმ. როგორც მან აღნიშნა, იგი შთაგონებული იყო კანონპროექტის შემუშავებით. „ყოველდღე, საქმიანობის დაწყების წინ, ვლოცულობთ კაპიტოლიუმში.“ – განაცხადა მან.

ბაროუ ეხმაურება კრიტიკას იმის შესახებ, რომ კანონი რელიგიის შესახებ კონსტიტუციით განმტკიცებულ პრინციპებს ეწინააღმდეგება:

„ჩვენ არ ვაძალებთ ვინმეს, რომ სწამდეს ღმერთის; რწმენა ჩვენი ერის ისტორიის ნაწილია. ღვთის მადლით, ეს არის ჩვენი ეროვნული დევიზი, და რადგანაც ის იმდენად მისაღებია, რომ ჩვენს ეროვნულ ვალუტაზეა განთავსებული, სკოლებისთვისაც მისაღები უნდა იყოს. ამერიკის შეერთებული შტატები ქრისტიანულ საფუძვლებზე დგას; გვინდა დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ ბავშვებმა ეს იციან და მომავალი თაობები ამ ცოდნით გაიზრდებიან.“ – უთხრა მან  საინფორმაციო გვერდ „USA Today“-ს.