გოგონა ახალი გულით: „მადლობელი ვარ მეორე შანსისთვის!”

124 ნახვა
32 გაზიარება
1 კომენტარი

ამერიკელი ლოურენ გიბსონი წელს სტუდენტი გახდა და კედარვილის უნივერსიტეტში სწავლა დაიწყო. ალბათ, არავინ იყო ამ დღეს მასზე მეტად მადლიერი, რადგან ექვსი კვირისა იგი ძლივს გადაურჩა სიკვდილს, ხოლო ერთი წლისას მას ახალი გული გადაუნერგეს.

ლოურენის დედა – ჰიზერი აღნიშნავდა, რომ ექვსი კვირის გოგონას სუნთქვა უჭირდა, რის გამოც პედიატრთან მიიყვანა. აღმოჩნდა, რომ გოგონას გულის მწვავე უკმარისობა ჰქონდა. დედა იხსენებს, თუ როგორ გადაჰყავდათ სასწრაფო დახმარების ვერტმფრენით ლოურენი ცინცინატის ბავშვთა კლინიკაში.

„ვერტმფრენით მგზავრობის დროს ლოურენს გული გაუჩერდა, პილოტმა კარი დახურა, რათა არ გამეგონა სამედიცინო ჯგუფის საუბარი, მე კი იმაზე მელაპარაკებოდა, რაც მიწაზე დაჯდომის შემდეგ მოხდებოდა, რომ უამრავი ადამიანი დაგვხვდებოდა ჩაფრენისას. საუბრისას სიმშვიდეს ინარჩუნებდა, რათა არ ავეღელვებინე.“ – იხსენებს ჰიზერი.

სამედიცინო გუნდმა ლოურენი, ფაქტობრივად, „გააცოცხლა“; ოჯახს ინფორმაცია მიაწოდეს, რომ მართალია, მისი გული მხოლოდ 8%-ით ფუნქციონირებდა და გადარჩენის იმედი გადაწურული არ იყო, მაგრამ კლინიკის დატოვებას გულის გადანერგვის გარეშე ვერ შეძლებდნენ. ჰიზერი ვერ იჯერებდა, რომ სახლში თავისი გოგონას გარეშე უნდა დაბრუნებულიყო. ის მიუბრუნდა ექიმს და მტკიცედ უთხრა: „ჩემი ღმერთი დიდია!“

ლოურენი ტრანსპლანტაციის მსურველთა სიაში ჩაწერეს და როდესაც მისი მდგომარეობა შედარებით სტაბილური გახდა, ექიმებმა ნება დართეს, თავის ახალ გულს სახლში დალოდებოდა. რამდენიმე თვის შემდეგ კი გული გადაუნერგეს.

ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, ლოურენი არ გაჩერებულა. სკოლაში მხარდამჭერთა გუნდის ლიდერი იყო, სკოლის ბოლო სასწავლო წლის პარალელურად კი სწავლა კოლეჯში დაიწყო.

ლოურენი ავტოიმუნურ წამლებს იღებს, რათა მისმა ორგანიზმმა ახალი გული შეითვისოს. წამლები ასუსტებენ მის იმუნურ სისტემას, ამიტომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ლოურენი საუნივერსიტეტო საცხოვრებლის ნაცვლად, უნივერსიტეტში სახლიდან ივლის. იგი მომავალი ფარმაცევტია. სჯერა, რომ თავისი გამოცდილება მისცემს საშუალებას, მომავალში დახმარება აღმოუჩინოს ადამიანებს. 

„მინდოდა, რომ ჩემს მდგომარეობაში მყოფ ხალხს დავხმარებოდი, მთელი ცხოვრების განმავლობაში დღეში 2-ჯერ მესაჭიროებოდა მედიკამენტების მიღება. მინდოდა ისეთ სფეროში მემუშავა, რომ პაციენტებისთვის წამლების მიღების ყოველდღიური სირთულე გამეადვილებინა, რადგან მესმის, რამდენად მძიმეა ეს პროცესი.“

ლოურენი მადლიერია იმ მადლისთვის, რომელიც ცხოვრებაში მიიღო და იმედოვნებს, რომ სრულყოფილად იცხოვრებს: „მინდა, ცხოვრებაში უამრავი დადებითი შთაბეჭდილება მქონდეს და გულწრფელად მადლობელი ვარ მეორე შანსისთვის!“

წყარო: https://www.christianheadlines.com





ქრისტიანული არხი

შემთხვევითი სიახლეები