„გვეშველება რამე?!“ – რეიტინგული ნეგატივი, ანუ რატომ არ ვიღიმით

49 ნახვა
17 გაზიარება
0 კომენტარი

ჩვეულებრივი დილაა. ცხელი ყავის არომატითა და დილის საინფორმაციო გამოშვებით. წამყვანიც, ჩვეულებისამებრ, ღიმილით გვისურვებს მშვიდობიან დილას და მერე იწყება: მოკლა, გაქურდა, დააყაჩაღა, დაჭრა (ახლა უკვე დააუთოვაც), ჩამოინგრა, დაიწვა, დაიტბორა… და ისევ ღიმილი…

არაეთიკური კადრები, რომლებიც, მეტი სიმძაფრისთვის, დაუფარავად გამოიყენება, ჩვეულებისამებრ, რეიტინგზეა გათვლილი, რადგან ნეგატივზე დიდი მოთხოვნილებაა.(?)

„ერთგვარი ნეგატიური პარანოია გვჭირს“, – ვფიქრობ და კიბეზე ჩავრბივარ…გზა სამსახურამდე სამარშრუტო ტაქსით გრძელდება.

აქ ყველაფერი შეგიძლია გაიგო. ყველა სატელევიზიო შოუს ანალიზი ერთად მოისმინო, შეხვდე ნაოცნებარ და მოტყუებულ ხალხს, რომლებიც სვამენ რიტორიკულ კითხვას: „გვეშველება რამე?!“, ნახო პოლიტიკური დაპირისპირება, მოისმინო დასკვნები თითქმის კონსილიუმის დასკვნებს რომ უტოლდება, სეზონურ ვირუსებთან დაკავშირებით, ასევე შეგიძლიათ მოისმინოთ დებატები ლარის გაუფასურების მიზეზებზე, გაძვირებულ პროდუქტებზე, სასამართლო დარბაზიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადმონაცვლებულ მსაჯულთა ინსტიტუტზე, რუსულ მავთულხლართებსა თუ საბოლოო დასკვნაზე, რომელსაც შუახნის მამაკაცი გვიტოვებს და თავის გაჩერებაზე მოღუშული ჩადის: „არაფერიც არ გვეშველება!“

ეს მცირე ილუსტრაციაა იმისა, თუ რატომ არ გიღიმიან მომხმარებლებს მომსახურების დროს.

კვლევები ცხადყოფს, რომ ადამიანებს ნეგატიური ინფორმაცია პოზიტიურ ამბებზე მეტად აინტერესებთ, ანუ ახალი, გამოგონილი ტერმინით რომ ვთქვათ − „გაყიდვადია“. რეიტინგისთვის თავგანწირული (თუ შეწირული) მედია საშუალებებიც დილიდან იმეორებენ: დილა მშვიდობისა, მოკლა, გაძარცვა, დაინგრა, დაიქცა და… გიჭირს დაიჯერო, რომ მშვიდობიანი დღე გაგითენდა… და ჩვენც შევეჩვიეთ ნეგატივს და უღიმილობას.

ყოველდღე, სახლიდან სამსახურამდე იმედდაკარგულ ხალხს როცა უყურებ, როცა ქუჩაში ღიმილის დეფიციტია, როცა გამუდმებით გესმის, რომ „არაფერი გვეშველება“, როცა ხედავ, როგორ ამყარებს ხალხი იმედს ხან ერთ და ხან მეორე მთავრობაზე და მერე, იმედგაცრუებული, ქუჩაში საპროტესტო აქციას აწყობს, ძნელია დაიჯერო, რომ ქრისტიანულ ქვეყანაში ცხოვრობ და აქ, მე-4 საუკუნიდან სახარება იქადაგება.

სახარება სასიხარულო ამბავია, თუმცა ქრისტიანების უმრავლესობამ არც ეს იცის და არც ის, რომ იმედი, ყბადაღებული, „აორთქლებადმელნიანი“ კალმით შემოხაზულ ციფრების კომბინაციაზე კი არა, იმ ღმერთზე უნდა დაამყარონ, რომელიც წმინდა წერილშია გაცხადებული; სწორედ იმ სამაგიდო წიგნში, რომელთან ურთიერთობაც, მრავალი ჩვენგანისთვის, მტვრის გადაწმენდით შემოიფარგლება.

ყოველდღიურ ცხოვრებაში კარგად ჩანს, როგორ დაკარგა ძალა ქრისტიანობამ, რომელმაც მე-4 საუკუნეში სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებით და პოლიტიკურ იარაღად გადაქცევით, დაკარგა ადამიანთა გულებამდე მისასვლელი გზა და თითოეული პიროვნებისათვის პირადი მხსნელის ქადაგების შესაძლებლობა. წეს-ჩვეულებების ტოტალური მიღებით, არ შეცვლილა შინაგანი სამყარო და ეს დღემდე მოგვყვება. იმდენად გაგვიჯდა გარკვეული ჩვევები, რომ რჯულზე უმტკიცესი და ყველაფერზე მნიშვნელოვანი გახდა. ზოგიერთი ქრისტიანული რიტუალი (ნათლობა, ჯვრისწერა, წესის აგება) კი უბრალოდ საქეიფო მიზეზად გადაიქცა… ჩვენ დავკარგეთ ქრისტოცენტრიზმი, რაც ქრისტიანობის არსია.

დროა, ქრისტე ჩვენი თვალსაწიერის ცენტრში დავაბრუნოთ, ნეგატიური აზროვნება მოვიშოროთ, არა მარტო იმედიანები, არამედ ნუგეშისმცემელნიც გავხდეთ და უფრო ხშირად გავიღიმოთ. პოზიტივი(ც) გადამდებია!

ავტორი: ნატალია ჩიქოვანი





ქრისტიანული არხი

შემთხვევითი სიახლეები