იოსებ ელიგულაშვილი – ქართველი „შინდლერი“

116 ნახვა
24 გაზიარება
1 კომენტარი

ებრაელები სამართლიანად მიიჩნეოდნენ საქართველოში ყველაზე მეტად ინტეგრირებულ უმცირესობად. ხშირად ძნელი იყო მათი გვარების გარჩევა ეთნიკური ქართველების გვარებისაგან, ქართულიც მშობლიური ენა იყო მათთვის. ადგილობრივი მოსახლეობის მსგავსადაც ეცვათ, ეკავათ მაღალი თანამდებობები ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში და ამავდროულად, პატივს სცემდნენ საკუთარ ტრადიციებს.

საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს 1918 წელს ებრაელებმაც მოაწერეს ხელი, ესენი იყვნენ იოსებ ელიგულაშვილი, მოშე დავარაშვილი და ილია გოლდმანი. 1921 წელს საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ილია გოლდმანის ინიციატივით დაიწყო პარიზში ლევილის მამულის ყიდვის პროცესი, რომელიც ქართველ პოლიტიკურ დევნილთა თავშესაფარი უნდა გამხდარიყო. ეს მამული დღესაც ქართველებს ეკუთვნით. აი, იოსებ ელიგულაშვილი კი, ქართველ „შინდლერად“ იქცა, რომლის შესახებაც თითქმის არავინ არაფერი იცის.

იოსებ ელიგულაშვილი დაიბადა ქალაქ ქუთაისში ქართველი კომერსანტისა და საზოგადო მოღვაწის – არონ ელიგულაშვილის ოჯახში. უმაღლესი განათლების მისაღებად ის რუსეთში გაგზავნეს, თუმცა მოსკოვის პოლიტიკურ მეცნიერებათა და კომერციის ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, 1916 წელს, ის სამშობლოში დაბრუნდა და აქტიურად ჩაერთო სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობაში. სწორედ ამიტომაც, საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადების შემდეგ, ის რამდენიმე მნიშვნელოვან თანამდებობაზე დაინიშნა. ერთი წლის განმავლობაში მან მოასწრო, ყოფილიყო საგარეო ვაჭრობის კომიტეტის წევრი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრის მოადგილე. 1919 წელს ის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოში აირჩიეს.

მალე იოსებს, როგორც ბრწყინვალე ეკონომისტს, დაევალა საქართველოს ახალგაზრდა რესპუბლიკის ინტერესების წარმოდგენა ევროპაში. სწორედ მისი წყალობით, საქართველომ მიიღო დამატებითი ფინანსები, რაც მისი სამომავლო განვითარებისათვის იყოს საჭირო. 1921 წელს, როცა ცხადი გახდა, რომ საქართველოს გასაბჭოება გარდაუვალი იყო, ელიგულაშვილს დაავალეს სახელმწიფო ფასეულობათა გატანა საფრანგეთში. იოსებმა ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად ბრწყინვალედ გაართვა თავი დავალებას და შემდეგ დამოუკიდებლად განაგრძო ძველი ქართული წიგნებისა და ნივთების შეგროვება, მისი მდიდარი კოლექცია შემდეგ საჩუქრად გადაეცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს.

თავად ელიგულაშვილი 1921 წლიდან პარიზში ცხოვრობდა, სადაც მცირე ბიზნესი წამოიწყო ბამბის თეთრეულის დამზადება-გაყიდვასთან დაკავშირებით. იმ წლებში საფრანგეთის დედაქალაქში საკმაოდ მტკიცე ქართული დიასპორა ჩამოყალიბდა. ემიგრანტებს შორის იყვნენ საქართველოს პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების საუკეთესო წარმომადგენლები. ამ დიასპორის მშვიდ ცხოვრებას ბოლო მოეღო ნაცისტების მიერ საფრანგეთის ოკუპაციასთან ერთად.

იოსებ ელიგულაშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც გერმანელებმა დააპატიმრეს. საბედნიეროდ, მისი დახსნა მოახერხა მიხეილ კედიამ, რომელიც ერთ დროს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უსაფრთხოების მინისტრის შვილი გახლდათ. გაერთიანებული ძალებით იოსებმა და მიხეილმა სამხედრო ტყვეთათვის განკუთვნილი გერმანელთა ბანაკებიდან ათასობით ადამიანის გათავისუფლება მოახერხეს. ამას დიდად შეუწყო ხელი თითქოსდა „მეცნიერულად დასაბუთებულმა“ ქართველ ებრაელთა მემორანდუმმა, რომელიც ნაცისტების წარმომადგენლებს გაუგზავნეს პარიზში.

დოკუმენტში ნათქვამი გახლდათ, რომ ქართველი ებრაელები არაფრით განსხვავდებოდნენ ეთნიკური ქართველებისაგან: „საერთო ფიზიკური კონსტიტუცია, ერთი ენა და გარეგნობა.“ ხაზგასმული იყო ის, რომ „მათ არ გააჩნიათ არავითარი კომუნისტური ან სიონისტური მისწრაფებანი.“ ამ მემორანდუმის წყალობით გაჩნდა მოკლევადიანი შესაძლებლობა ყველა „ქართველი“ ებრაელის გადარჩენისა. დაიწყო ყალბი დოკუმენტების გაცემა − ებრაელებს გვარებზე უმატებდნენ დაბოლოებას „შვილი“ ან „ძე“ და ეს საკმარისი იყო მათი ქართული წარმომავლობის დასამტკიცებლად.

იოსებ ელიგულაშვილისა და მისი თანამოაზრეების ძალისხმევის შედეგად, დაახლოებით 20 ათასი ებრაელის გადარჩენა გახდა შესაძლებელი. ამ ებრაელთაგან მხოლოდ მცირე ნაწილს ჰქონდა რაიმე კავშირი საქართველოსთან. დანარჩენები იყვნენ ირანიდან, თურქეთიდან და სხვადასხვა ევროპული ქვეყნებიდან. თავად იოსებიც ცოცხალი გადაურჩა ომს, თუმცა ისე გარდაიცვალა პარიზში 1952 წლის 20 ოქტომბერს, რომ ვეღარასოდეს მოახერხა სამშობლოს კვლავ ნახვა.

წყარო: jewish.ru





ქრისტიანული არხი

შემთხვევითი სიახლეები