რას ამბობს ბიბლია მკითხაობის შესახებ?!

289 ნახვა
117 გაზიარება
0 კომენტარი

ადამიანთა უმრავლესობა საკუთარ მომავალზე გამუდმებულად ფიქრობს. ისინი განიცდიან და ნერვიულობენ მისი განვითარების სავარაუდო სცენარზე. ზოგიერთი კი, სასოწარკვეთას მიცემული, მკითხავის ან ასტროლოგიური პროგნოზის მეშვეობით ცდილობს დაადგინოს, თუ რა ელოდება. მისნობას საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. ე.წ. „წინასწარმეტყველი“ ინფორმაციის მოსაპოვებლად სხვადასხვა საშუალებას მიმართავს, მათ შორის ხელისგულებზე მკითხაობას, ადამიანის პირად ნივთებზე დაკვირვებას, სარკეს ან უბრალოდ თაღლითობას. ამას გარდა, ინფორმაციის წყაროს, შესაძლოა, დემონური არსებაც წარმოადგენდეს.

წიგნში „თაღლითები“ დენი კორემი საუბრობს იმ ექვსი მეთოდის შესახებ, რომელთაც ხშირად შეხვდებით ე.წ. „წინასწარმეტყველთან“, კერძოდ:

  1. დაკვირვება ადამიანზე, რაც პირველ ხელჩასაჭიდს აძლევს მათ პიროვნებასთნ შემდგომი ურთიერთობისთვის.
  2. კონკრეტული საკითხის წინასწარ გაგება მარჩიელობის დაწყებამდე.
  3. უნარი, ამოიცნოს ადამიანი და შეცვალოს მკითხაობის მიმდინარეობა ფარულად, ყოველგვარი აღელვების გარეშე.
  4. ზოგადად, ადამიანის ბუნების ცოდნა.
  5. კარტის ან სხვა საშუალებათა გამოყენება იმისათვის, რომ შეძლოს ადამიანის ცხოვრებაში მომხდარი მოვლენების გამოაშკარავება ან შეცვალოს მკითხაობის მიმართულება, როდესაც მიზანს სცდება.
  6. იღბლის ელემენტი და სპექტაკლის დადგმის უნარი, რაც ეხმარება მას კლიენტზე შთაბეჭდილების მოხდენაში.

უფლის თვალში სისაძაგლეა მომავლის ძიება გრძნეულების დახმარებით, რამდენადაც მათ არ შეუძლიათ, გვაჩვენონ ჩვენი ცხოვრებისთვის უფლის მიერ განსაზღვრული მიმართულება. სატანა აღწევს თავის მიზანს, როდესაც უარვყოფთ ღვთის სიტყვას. წმინდა წერილში შემდეგნაირადაა აღწერილი უფლის მიერ საულის დასჯა, იმის გამო, რომ იგი შეეცადა, მკითხავის დახმარებით გადაეწყვიტა პრობლემა:

„ასე მოკვდა საული თავისი ორგულობის გამო, რომლითაც ღალატობდა იგი უფალს და უფლის სიტყვას არ იცავდა და გამოსაკითხად მესულთანეს მიმართავდა. უფალს არ ეკითხებოდა. ამიტომ მოკლა იგი უფალმა და მისი სამეფო დავითს, იესეს ძეს, მისცა.“

1 ნეშტთა 10:13-14 – სბს-სტოკჰოლმი 2001

ნუთუ წმინდა წერილის ეს მონაკვეთი საულის შესახებ იმაზეც გვაფრთხილებს, რომ არ შეიძლება მკითხაობა თუნდაც გართობის ან ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების მიზნით? უფალი მათ სიტყვას სიცრუედ მოიხსენიებს და ამასთან, კრძალავს ებრაელ ერთან მათ თანაცხოვრებას:

„ამიტომ ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ‘რადგან სიტყვა თქვენი ამაოა და სიცრუე, ამიტომ იცოდეთ, თქვენ წინააღმდეგ ვარ!’ – ამბობს უფალი ღმერთი. და იქნება ჩემი ხელი წინასწარმეტყველებზე, რომლებიც ამაოს იხილავენ და სიცრუეს მკითხაობენ; ჩემი ხალხის კრებულში არ იქნებიან ისინი, ისრაელის სახლის წიგნში არ ჩაიწერებიან და ისრაელის მიწაზე არ მოვლენ. მაშინ გაიგებთ, რომ მე ვარ უფალი ღმერთი.“

ეზეკიელი 13:8-9 – სბს-სტოკჰოლმი 2001

მოსეს რჯულმა მისნობისათვის სასჯელად სიკვდილი დაადგინა:

„მამაკაცი ან დედაკაცი თუ აღმოჩნდეს მესულთანე ან ჯადოქარი, სიკვდილით მოკვდეს: ქვებით ჩაქოლონ ისინი და მათზე იქნება მათი სისხლი.“

ლევიანთა 20:27 – სბს-სტოკჰოლმი 2001

მისნების და გრძნეულების არსებობა მათ კულტურაში უარყოფით გავლენას ახდენდა ისრაელზე, რაც გარშემო არსებულ წარმართულ კულტურაში მათ აღრევას იწვევდა.

„რადგან დადგა ბაბილონის მეფე გზის გასაყართან, ორი გზის დასაწყისში სამისნოდ: შეარხია ისრები, ჰკითხა თერაფიმებს, დახედა ღვიძლს.“

ეზეკიელი 21:21 – სბს-სტოკჰოლმი 2001

იერემია მკითხაობას უწოდებს ტყუილს:

„და მითხრა მე უფალმა: ‘ტყუილს წინასწარმეტყველებენ წინასწარმეტყველნი ჩემი სახელით, მე არ გამომიგზავნია ისინი, არც მიბრძანებია მათთვის და არც მილაპარაკია მათთან; ტყუილ ხილვასა და მკითხაობას, ამაოსა და თავიანთი გულის ზრახვებს გიწინასწარმეტყველებენ ისინი.“

იერემია 14:14 – სბს-სტოკჰოლმი 2001

ესაია ამბობს:

„ღმერთი, რომელიც არღვევს ცრუთა ნიშნებს და ააშკარავებს ჯადოსანთა შეშლილობას, უკან ახევინებს ბრძენთ და მათ ცოდნას სისულელედ აქცევს.“

ესაია 44:25 – სბს-სტოკჰოლმი 2001

მოციქულთა საქმეების ეპოქაში მკითხაობა საკმაოდ მოგებიანი ბიზნესი იყო ფილიპეში:

„სამლოცველოში მიმავალთ შემოგვხვდა ერთი მხევალი, რომელსაც პითონის სული ჰქონდა და თავისი მისნობით დიდძალ მოგებას აძლევდა თავის ბატონებს.“

მოციქულთა საქმები 16:16 – სბს-სტოკჰოლმი 2001

პავლე მოციქულმა განდევნა მხევლისგან დემონი, რომელიც წარმართავდა მის მოქმედებას. წმინდა წერილის მოცემული მონაკვეთი ადასტურებს, რომ მკითხაობა ყოველთვის ადამიანის სიცრუის ნაყოფი არაა, არამედ, შესაძლოა, იგი დემონის ზეგავლენით მიმდინარეობდეს.

„ასე იქცეოდა მრავალი დღის განმავლობაში. პავლე ძალიან შეწუხდა, მიუბრუნდა სულს და უთხრა: “იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ, გამოხვიდე მაგისგან” და იმწამსვე გამოვიდა.“

მოციქულთა საქმები 16:18 – სბს-სტოკჰოლმი 2001

მნიშვნელოვანია თუ არა, რომ ვუფრთხილდებოდეთ ჩვენს გულებსა და გონებას, რათა არ მივემსგავსოთ ქვეყნიერებას? დიახ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ იმაში ეფლობიან ცხოვრების გზაზე დასუსტებული ადამიანები, რაზედაც ადრე ვერც კი იფიქრებდნენ. იესომ, მთაზე წარმოთქმული ქადაგებით, მოგვცა მნიშვნელოვანი მითითება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შევძლებთ საკუთარი თავებისა და ცხოვრების დაცვას. „სხეულის სანთელი თვალია,“ – თქვა მან, – „თუ ნათელი, რომელიც შენშია, სიბნელეა, სიბნელე რამდენად დიდი იქნება?“ (მათე 6:22-23). ჩვენი ქმედებები უნდა წარიმართოს ღმერთის სიტყვით, რაც ასევე ნიშნავს, რომ საფრთხილოა, თუ რითი ავავსებთ ჩვენს სხეულს, განსაკუთრებით თვალებისა და ყურების მეშვეობით.

მიანდე შენი მომავალი ღმერთს, რომელმაც შეგქმნა.

იერემიას 29:11 მშვენიერი დაპირებაა ღვთისგან:

„რადგან მე ვიცი ის ზრახვები, რაც მე განვიზრახე თქვენზე,’ – სიტყვა უფლისა – ‘ზრახვები მშვიდობაზე, რომ მოგცეთ თქვენ მომავალი და იმედი.“

იერემია 29:11 – სბს-სტოკჰოლმი 2001

გახსოვდეთ, რომ მომავალი ეკუთვნის ღმერთს, და ყველაზე უსაფრთხოდ მაშინ ხარ, როდესაც მისი ნების შესაბამისად ცხოვრობ.

ჯოშ მაკდაუელი – მწერალი

წყარო: http://www.preachitteachit.org





ქრისტიანული არხი

შემთხვევითი სიახლეები