რა განსხვავებაა ფარისევლებსა და სადუკეველებს შორის?

378 ნახვა
73 გაზიარება
0 კომენტარი

სახარება ხშირად მოიხსენიებს სადუკეველებს და ფარისევლებს, რომლებთანაც იესო თითქმის მუდმივად იყო დაპირისპირებული. სადუკეველები და ფარისევლები წარმოადგენდნენ ებრაელთა მმართველ კლასს ისრაელში. ამ ორ ჯგუფს შორის არის გარკვეული მსგავსება, თუმცა მათ შორის არსებობდა მნიშვნელოვანი განსხვავებანიც.

ფარისევლებიც და სადუკეველებიც იუდაიზმში არსებული რელიგიური სექტის წარმომადგენელნი იყვნენ იესოს ცხოვრების პერიოდში. ორივე ჯგუფი პატივს მიაგებდა მოსესა და მის რჯულს, და ორივეს ჰქონდა გარკვეული პოლიტიკური ძალაუფლება. სინედრიონს, ანტიკური ისრაელის 70-კაციან უზენაეს სასამართლოს, ორივე ჯგუფიდან ჰყავდა წარმომადგენლები.

ფარისევლებსა და სადუკეველებს შორის არსებული განსხვავებანი ჩვენთვის ცნობილია წმინდა წერილის სხვადასხვა ადგილებიდან და აგრეთვე, ფარისეველთა ნაშრომებიდან, რომლებიც ჩვენამდეა მოღწეული. რელიგიურად, ერთი დოქტრინული კუთხით, სადუკეველები უფრო კონსერვატორები იყვნენ: ისინი მტკიცედ ემხრობოდნენ წმინდა წერილის პირდაპირი გაგებით განმარტებას; მეორე მხრივ, ფარისევლები სიტყვიერ გადმოცემას იმავე ავტორიტეტს ანიჭებდნენ, რასაც ღვთის დაწერილ სიტყვას. თუ სადუკეველები თანახში რაიმე მცნებას ვერ იპოვიდნენ, ისინი მას უარყოფდნენ, როგორც ადამიანის მიერ მოგონილს.

წმინდა წერილის შესახებ სხვადასხვა შეხედულების გამო სადუკეველები და ფარისევლები ხშირად კამათობდნენ, გარკვეული დოქტრინების ირგვლივ. სადუკეველები უარყოფდნენ მკვდართა აღდგომის რწმენას (მათე 22:23; მარკ. 12:18-27; საქმეები 23:8), განსხვავებით ფარისევლებისგან, რომელთაც სწამდათ მკვდრეთით აღდგომის. სადუკეველები ასევე უარყოფდნენ სიცოცხლეს გარდაცვალების შემდეგ, მიაჩნდათ, რომ სული კვდებოდა გარდაცვალებისას; ფარისევლებს კი სჯეროდათ სიკვდილის შემდგომი სიცოცხლის და მის შემდეგ სასჯელის და საზღაურის. სადუკეველები უარყოფდნენ იდეას უხილავი, სულიერი სამყაროს შესახებ, მაგრამ ფარისევლები ასწავლიდნენ სულიერ სამყაროში ანგელოზების და დემონების არსებობის შესახებ.

მოციქული პავლე გონივრულად იყენებდა ფარისევლებსა და სადუკეველებს შორის არსებულ თეოლოგიურ განსხვავებებს მათგან თავდასაღწევად. მაშინ, როდესაც პავლე შეიპყრეს იერუსალიმში და თავს იცავდა სინედრიონის წინაშე, იცოდა რა, რომ სინედრიონის ნაწილი სადუკეველები, ნაწილი კი ფარისევლები იყვნენ, პავლემ ხმა აღიმაღლა და თქვა: „კაცნო ძმანო, მე ფარისეველი ვარ, ფარისევლის ძე. მკვდრეთით აღდგომის იმედისთვის განვიკითხები.“ (საქმ. 23:6). პავლეს მიერ აღდგომის ხსენებამ სადუკეველებსა და ფარისევლებს შორის გამოიწვია კამათი და „დიდი აურზაური.“ (მუხლი მე-9). რომაელმა ათასისთავმა, როდესაც შეხედა განვითარებულ მოვლენებს, გაგზავნა ჯარისკაცები პავლეს მათგან დასახსნელად (მუხლი მე-10).

სოციალურად, ფარისევლებთან შედარებით, სადუკეველები უფრო მაღალ კლასს წარმოადგენდნენ. ისინი იყვნენ მდიდრები და ფლობდნენ უფრო მაღალ პოზიციებს. მღვდელმთავრები სადუკეველები იყვნენ და სინედრიონში ისინი წარმოადგენდნენ უმრავლესობას. ფარისევლები უფრო მეტად უბრალო ხალხის წარმომადგენელნი იყვნენ და ჰქონდათ მასების პატივისცემა. სადუკეველთა ძალაუფლების ცენტრი იერუსალიმის ტაძარი გახლდათ; ფარისევლები აკონტროლებდნენ სინაგოგებს. სადუკეველები უფრო მეგობრულები იყვნენ რომთან და უფრო ეთანხმებოდნენ რომაულ კანონებს, ვიდრე ფარისევლები. ფარისევლები ხშირად ეწინააღმდეგებოდნენ ელინიზმს, ხოლო სადუკეველები მიესალმებოდნენ მას.

იესოს, სადუკეველებთან შედარებით, ფარისევლებთან უფრო მეტი უთანხმოება ჰქონდა, შესაძლოა, მათი დამოკიდებულების გამო გადმოცემებისადმი. „ღმერთის მცნებანი მიატოვეთ და ადამიანთა გადმოცემებს იცავთ,“ – უთხრა მათ იესომ. (მარკ. 7:8; ასევე იხილეთ მათეს 9:14; 15:1-9; 23:5, 16, 23, მარკ. 7:1-23 და ლუკა 11:42). რადგანაც სადუკეველები ხშირად პოლიტიკით უფრო მეტად იყვნენ დაინტერესებულნი, ვიდრე რელიგიით, ისინი ყურადღებას არ აქცევდნენ იესოს მანამ, სანამ არ შეშინდნენ, რომ მას შეიძლება მიეპყრო რომაელთა არასასურველი ყურადღება და პრობლემა შეექმნა მათი სტატუსისთვის. სწორედ ამ დროს სადუკეველებმა და ფარისევლებმა გვერდზე გადადეს თავიანთი განსხვავებული შეხედულებანი, გაერთიანდნენ და იესო სასიკვდილოდ გაიმეტეს. (იოანე 11:48-50; მარკ. 14:53; 15:1).

როგორც ჯგუფმა, სადუკეველებმა არსებობა შეწყვიტეს იერუსალიმის განადგურების შემდეგ, მაგრამ ფარისეველთა მემკვიდრეობამ განაგრძო არსებობა. ფაქტობრივად, ფარისევლები იყვნენ პასუხისმგებელნი მიშნას შედგენაში, რომელიც წარმოადგენს მნიშვნელოვან დოკუმენტს ტაძრის დანგრევის შემდეგ იუდაიზმის გაგრძელების შესახებ. ამ გზით ფარისევლებმა საფუძველი ჩაუყარეს თანამედროვე რაბინულ იუდაიზმს.

წყარო : https://www.gotquestions.org





ქრისტიანული არხი

შემთხვევითი სიახლეები