მლოცველის ჭრილობები

188 ნახვა
3 გაზიარება
0 კომენტარი

მლოცველ ადამიანს შეუძლია ცვლილებების მოხდენა. ჩვენ მოწოდებულნი ვართ, ვიდგეთ ადამიანთა საჭიროებების სადარაჯოზე, რომ უფალი ავსებდეს მათ. იმის გამო, რომ ჩვენ ღმერთის თანამშრომლები ვართ ადამიანთა სახსნელად, სატანა აუცილებლად შეეცდება – სხვადასხვა ხერხით მოგვაყენოს ძლიერი დარტყმა, ჩაგვაგდოს იმედგაცრუებაში, მოგვატყუოს და ამით ძალა დაუკარგოს ჩვენს ლოცვებს.

გახსოვდეთ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა ტკივილი, რომელსაც ლოცვითი ბრძოლის ველზე ვიღებთ, რადგანაც ღმერთი დაგვპირდა, რომ ის ამ ყველაფერს ჩვენდა სასიკეთოდ შემოაბრუნებს (რომაელთა 8:28). შეუძლებელია, ქრისტიანის ცხოვრებამ სულიერი შემოტევებისა და ტკივილის გარეშე განვლოს, ამიტომ ღირს გამოვიკვლიოთ, თუ როგორ იყენებს ღმერთი ჭრილობებს ჩვენ გასაძლიერებლად. იესომაც კი თავისი ჭრილობების მეშვეობით დაიხსნა ქვეყნიერება და “მისი ჭრილობებით ჩვენ განვიკურნეთ“ (1 პეტრე 2:24).

იესომ იცოდა, რომ ხსნის ძალის გამოსათავისუფლებლად აუცილებელი იყო, ჰყვარებოდა და ეპატიებინა მაშინაც, როცა იტანჯებოდა და სტკიოდა ყველაზე მეტად.

თავისი სიბრძნით მრავალთ გაამართლებს ჩემი მართალი მსახური; და მათ ცოდვებს ის იტვირთავს. ესაია53:11 – სბს-სტოკჰოლმი 2001

იესომ იცოდა ღვთიური საიდუმლოება. მან იცოდა, რომ ძალა, რომელსაც შეეძლო, გარდაექმნა მთელი ქვეყნიერება, მხოლოდ მისი ჯვარცმით გადმოიღვრებოდა ზეციდან, ტანჯვის მეშვეობით. ჯვარზე იესომ ცოდვის საფასური გადაიხადა და როგორც კი აპატია თავის მტრებს, ტაძარში კრეტსაბმელი ორად გაიპო. იესოს ნაგვემმა და გატანჯულმა სხეულმა მოგვცა მისადგომი განკურნების ძალასთან. მე არ ვსაუბრობ უბრალოდ ტკივილთან გამკლავებაზე, მე გესაუბრებით ტანჯვაზე, რომელსაც სიყვარულის გამო განვიცდით.

ჯვარცმის საშინელმა დანაშაულმა იგივე ჯვარი ხსნის ადგილად აქცია. იესო ყველას მოგვიწოდებს, ავიღოთ ჩვენი ჯვარი და ასე გავყვეთ მას (მათე 16:24). შეიძლება ითქვას, რომ ეს ჯვარი სამსხვერპლოა, რომელზეც ჩვენი ტკივილია მოტანილი, როგორც შესაწირავი ღვთისთვის.

ნახეთ, როგორ აღწერს ესაია წინასწარმეტყველი იესოს ცხოვრებას. ეს სიტყვები თავდაპირველად შეგაძრწუნებთ, თუმცა საბოლოოდ იგი ფარდას ხდის ჭრილობებიდან მომდინარე ძალის დიდებულებას. იგი ამბობს:

მაგრამ უფალს სურდა მისი დალეწვა, მისი დასნეულება; თუ დადებს ის თავის სულს დანაშაულის მსხვერპლად, იხილავს ის შთამომავლობას, გაიგრძელებს დღეებს და უფლის ნება მისი ხელით მიაღწევს წარმატებას. ესაია53:10 – სბს-სტოკჰოლმი 2001

რისი მეშვეობით გამოვლინდა ღვთის ძალა იესოს ხელებიდან? ტანჯვის, მტვრევის, ტკივილისა და დამცირების გზით. იესომ თავი გაწირა თითოეული ჩვენგანისთვის, როგორც “დანაშაულის გამოსასყიდი შესაწირავი”.

გახსოვდეთ, ტკივილი არ არის უბედურება, ეს შესაძლებლობაა. ალბათ უკვე შეამჩნევდით, რომ თქვენი სიყვარული და მსხვერპლი ან შეეხება ცოდვილი ადამიანის გულს, ან არა, მაგრამ იგი ყოველთვის ეხება უფლის გულს. ხშირად დამსხვრეულნი ვართ ადამიანების მიერ, მაგრამ მოდით, მივიტანოთ ეს ტკივილი, როგორც შესაწირავი უფლის წინაშე. ერთმანეთის შეწყალებით ჩვენ ვეხებით უფლის გულს და ვხდებით ნაყოფიერნი. თუ მართლა გვსურს, ვიყოთ ჭურჭლები უფლის სამეფოში, დაე, არა რისხვა, არამედ ხსნის საქმეები ყვაოდეს ჩვენს ხელებში…

ავტორი: ფრენსის ფერჯიპენი

წყარო: http://www.preachitteachit.org