„ნებადართული” ქრისტიანობა

78 ნახვა
3 გაზიარება
0 კომენტარი

ალბათ, სამუშაო დღის დასასრულს მარკეტიდან სახლში მიმავალი მარტო მე არ ვფიქრობ, რომ ცვლილებები მჭირდება. ბევრი ჩვენგანი ცხოვრების რიტმს ინერციით მიჰყვება და მხოლოდ დამღლელი დღის ბოლოს ქანცგამოცლილი ფიქრობს იმაზე, რომ ყოველდღიურ რუტიანს გაექცეს. რამდენ რამეს ვერ ვასწრებთ დღის განმავლობაში, „დრო აჩქარდა” ვწუწუნებთ ჩვენ, მაგრამ გულის სიღრმეში ვიცით, რომ ეს არაა გასამართლებელი მიზეზი იმისათვის, რომ ბიბლიის კითხვისა და ლოცვისათვის დრო  ვერ გამოვნახეთ… ვხვდებით, რომ განახლება და სულიერი ცხოვრების უკეთ დაგეგმვა გვჭირდება, მაგრამ ახლა არა, ხვალ, ხვალ დილიდანვე გააკეთებ ამას, წყვეტ კმაყოფილი და “ტვირთმოხსნილი”, მჩატე სიხარულის შეგრძნებით პარკებს მაგიდაზე აწყობ…

მას შემდეგ, რაც დაგროვილ ფოსტას უპასუხებ, ქრისტიანულ ჯგუფში რაიმე ჭკვიანურს “დაპოსტავ”, მეგობრის ქორწილის ასორმოცდაათივე ფოტოს პირნათლად “დაალაიქებ” და ზოგიერთზე სავალდებულო კომენტარსაც დატოვებ, შეგიძლია ცოტა ხანს საყვარელ გადაცემას ან საინფორმაციო გამოშვებასაც გადახედო. დასაძინებლად გამოფიტული და ცარიელი მიდიხარ და საწერ მაგიდაზე დადებული ბიბლია გხვდება თვალში, სანიშნით, რომელსაც აგერ უკვე რამდენიმე კვირაა (შეიძლება თვეც), რაც ადგილი არ უცვლია. წამით სურვილი გიპყრობს, გადაშალო და წაიკითხო, მაგრამ თვალები გეხუჭება და მტკიცედ წყვეტ, რომ კვირის შემდეგ, რაც დაგროვილ საქმეებს მოაგვარებ, ორშაბათიდან კითხვას შეუდგები.

…და ვინ იცის, რამდენი ორშაბათი მოვა კიდევ ან რამდენი ხვალ დადგება…

ბოლო დროს ბევრს ვწერდი დევნაზე, ქრისტიანების შევიწროებაზე და როდესაც ახალი სტატიის დასაწერად მოვიცალე, უცებ გამახსენდა, რომ არანაკლებ აქტუალური და საჭირო “ნებადართულ ქრისტიანობაზე” დაფიქრებაა. ქრისტიანობაზე, რომელიც ისეთი ჩვეულებრივი რამ გახდა ჩვენთვის, რომ ეკლესიაში წასასვლელად, ხშირად, საკუთარ თავთან “ვაჭრობა” გვჭირდება, ან უბრალოდ ჩვევად გვექცევა და გვავიწყდება, რომ ავტოფარეხში რამდენჯერაც არ უნდა შევიდეთ, ავტომობილად არ ვიქცევით…

ჯვარი, რომელიც ყოველი ფეხის ნაბიჯზე გვხვდება ჩვენს ქვეყანაში და რომელსაც ბევრი ჩვენგანი სამკაულად ატარებს, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში სასიკვდილო განაჩენს ნიშნავს. ფრაზა – “მე ქრისტიანი ვარ”, უამრავი ჩვენი და-ძმისთვის უკანასკნელია, რის თქმასაც ასწრებს სიკვდილთან შეხვედრამდე. ჩვენთვის კი ის უშინაარსო რუტინად გადაიქცა, აკრძალვების სიად და კვირას მსახურებაზე დასწრების ვალდებულებად.

იმ ქვეყნებში, სადაც დევნაა, ქრისტიანებმა იციან, რომ სიტყვა “ხვალ” არ არსებობს, რომ ის შესაძლოა არც დადგეს.

…და ვინ იცის, ვისთვის როდის აღარ დადგება ხვალ?!… მაშინ, იქნებ აღარ დაველოდოთ მომდევნო ორშაბათს ან უკეთეს დროს და გამოვიყენოთ შესაძლებლობა, რომელსაც ღმერთი გვაძლევს ქრისტეში დღეს!