რას ნიშნავს ღმერთის თანდასწრება?

250 ნახვა
49 გაზიარება
0 კომენტარი

„ღმერთის თანდასწრება“ – რას გულისხმობს სიტყვათა ეს შეთანხმება? ღმერთთან ყოფნას მხოლოდ ზეცაში, თუ შესაძლებელია, რომ ის აქ და ახლაც განვიცადოთ?

მე-20 ფსალმუნის მე-6 მუხლში წერია: „რადგან საუკუნო კურთხევა დაუდგინე, შენ წინაშე ყოფნით გაახარე.“

რას გულისხმობს დავითი ამ სიტყვებში? თავისი არსით, ღმერთი ხომ არ ჯდება „ყოფნა“ სიტყვის კონტექსტში. ბიბლიის მწერლები არ ყოფილან ისეთი გულუბრყვილონი, რომ ჰგონებოდათ, თითქოს ღმერთს აქვს განსაზღვრული სივრცული განზომილებანი, და ამგვარად აღწერილიყო მისი თანდასწრება დედამიწაზე.

საქმეების წიგნში სტეფანე ამბობს: „მაგრამ უზენაესი ხელთქმნილ ტაძრებში არ არის დამკვიდრებული…“ (საქმ. 7:48). ის ყველგანმყოფია.

ამიტომ ვფიქრობ, ყოველი ბიბლიური მონაკვეთი, რომელიც აღწერს ღმერთთან მიახლოებას, მისგან განდგომას ან მისი სახის პირისპირ ყოფნას, ერთგვარი ლიტერატურული ხერხია ღმერთის თანდასწრების მნიშვნელობის აღსაწერად.

საგულისხმოა, რომ ძველ აღთქმაში, უფლის თანდასწრება პირდაპირ უკავშირდებოდა უდაბნოში მდგარ კარავს, შემდგომ კი – იერუსალიმის ტაძარს. ეს ებრაელებისთვის ღმერთთან „შეხვედრის“ ადგილი იყო, ამიტომ ებრაელებისთვის კარავი და ტაძარი ღმერთის სამყოფელ ადგილს წარმოადგენდა.

ახალ აღთქმაში იესო ქრისტეს მოვლინებამ წარმოშვა ცნება – „ღმერთი ადამიანის სხეულში“, რომელსაც აქვს სივრცული განზომილებანი. ასე შეგვიძლია მასთან მიახლოება და შეხება, ან მისგან განდგომა, როგორც ეს იუდამ გააკეთა.

მეორე კორინთელთა 5:6-8: „ამიტომ ვართ ყოველთვის მხნედ; და ვიცით, რომ სანამ სხეულში ვართ დამკვიდრებულნი, განშორებულნი ვართ უფლისგან, ვინაიდან რწმენით დავდივართ და არა ხილვით. თუმცა მხნედ ვართ და გვირჩევნია, განვშორდეთ სხეულს, რათა უფალთან დავბინავდეთ.“

ღმერთმა ხორცი შეისხა და გახდა კაცი. იესო ქრისტე არსებობდა ყველა განზომილებაში. რთული აღსაქმელია, რომ არსებობდა ადამიანის სხეული, რომელიც ჩვენ გვგავდა, თუმცა მაინც განსხვავებული იყო ჩვენგან; ის ფაქტიც, რომ სიკვდილის შემდეგ ზეცაში ვიქნებით ქრისტესთან ერთად; და ასევე ისიც, რომ ღმერთი ხორცშესხმული მოგვევლინა ქრისტეს მეშვეობით, ადამიანური გონებით ბოლომდე ჩაუწვდომელია.

ღმერთთან ახლოს ყოფნა და მისი თანდასწრება არ არის კავშირში რაიმე სივრცულ ორიენტაციასთან ან ადგილთან. სწორედ აქ ისმის კითხვა, მაშ, რას უკავშირდება ეს გამოთქმა?

„ღმერთის თანდასწრება“ ან „მასთან ერთად ყოფნა“ არის მეტაფორა, რომელსაც ორი მხარე აქვს. პირველი, ჩვენი გამოცდილება ამ მხრივ და მეორე, ღმერთის გამოცდილება. ჩვენი გამოცდილება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვგრძნობთ და მკაფიოდ ვაცნობიერებთ ღმერთის რეალურობას, სწორედ ეს იწვევს პროდუქტიულობას ჩვენს ცხოვრებაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მისი სიახლოვის განცდა ამაღლებს მისი რეალურობის კოეფიციენტს. სწორედ ამ მიზნით მოგვევლინა იესო ქრისტე ღვთის რეალურობის დასამტკიცებლად.

ფსალმუნებში ვკითხულობთ: „სიხარულით ემსახურეთ უფალს, მიდით მის წინაშე სიმღერით.“ ან იაკობის 4:8: „მიუახლოვდით ღმერთს და ისიც მოგიახლოვდებათ.“

ეს არის მოწვევა ღვთისგან უფრო მკაფიო და სასიამოვნო განცდისა უფლის რეალურობის შესახებ; ეს არის ერთ-ერთი ნაწილი მეტაფორისა. მეორე მხრივ კი, სიტყვა „თანდასწრება“ აღნიშნავს სიტუაციებს, როდესაც ღმერთი აცხადებს საკუთარ თავს ჩვენს ცხოვრებაში.

ფსალმუნი 113:7-8: „უფლის სახის წინაშე ძრწოდე, დედამიწავ, იაკობის ღმერთის სახის წინაშე, რომელმაც წყალსატევად გადააქცია კლდე, კაჟი – წყლის წყაროდ.“ ამ მონაკვეთში ჩვენ ვხედავთ, რომ ყოვლისშემძლე ღმერთი აცხადებს საკუთარ თავს, თავის „მყოფობას“ სხვა, განახლებული გზით ავლენს და ამის დასტურად გასაოცარ ცვლილებებს ახდენს ქვეყნიერებაზე.

საბოლოო ჯამში, დიახ, ღმერთი ყველგან მყოფია, მას ერთდროულად შეუძლია მრავალი საქმის კეთება, მაგრამ ის საკუთარ გავლენას უფრო მეტად გაცხადების გზით ავლენს. სწორედ ამის შესახებ საუბრობს მეფსალმუნე: „ჩემთვის კი სასიკეთოა ღმერთთან სიახლოვე; უფალი ღმერთი გავიხადე ჩემს თავშესაფრად; ყველა შენს საქმეზე ვილაპარაკებ.“ (ფსალმუნი 72:28). ასევე ფსალმუნი 144:18: „ახლოსაა უფალი ყველასთან, ვინც მას მოუხმობს; ყოველთან, ვინც ჭეშმარიტებით მოუხმობს მას.“

ეს არ ნიშნავს იმას, რომ ღმერთი გარკვეულ მანძილზე იმყოფება ჩვენგან; ეს ნიშნავს იმას, რომ ის სულიერად ახლოსაა ჩვენთან; ის გვაძლევს ძალას, ის ყველგანაა; მთავარია, ამის აღქმა და მისი არსებობის „დანახვა“ ადამიანებმა შეძლონ. სწორედ ესაა „თანდასწრება“.

წყარო: https://www.desiringgod.org





ქრისტიანული არხი

შემთხვევითი სიახლეები

video

25 ივლ 2019 10.53 am

ცნობილი მსახიობის დენზელ ვაშინგტონის სიტყვა, ახალ ორლეანში, დილარდის სახელობის…

video

05 ივლ 2019 7.04 pm

ჯეფ დურბინი არის “Apologia Church” – ში ღვთისმსახური. მას არაერთხელ მიუღია მონაწილეობა…

14 ივლ 2019 6.55 pm

სიტყვა „თეოლოგია“ წარმოდგება ორი ბერძნული სიტყვისაგან: Τheos (Θεός) – „ღმერთი და -logia (-λογία)…

09 აგვ 2019 3.01 pm

მაშინ, როდესაც საჭიროებების წინ ვდგავართ, ხშირად გამოსავლის ძიებას საკუთარი…