როგორია თქვენი სულიერი მდგომარეობა?

173 ნახვა
21 გაზიარება
0 კომენტარი

რამდენად ადვილად უმკლავდებით სტრესს? გიძნელდებათ მარტივი გადაწყვეტილებების მიღება?

უცნაურია, მაგრამ თითოეულ ჩვენგანს უჭირს საკუთარი ემოციური და სულიერი სიჯანსაღის შეფასება. როგორც წესი, მარტივად ვხვდებით, როდის არაა ჩვენი ფიზიკური ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელი, ეს შეიძლება იყოს კუჭის, თავის ან ზურგის ტკივილი. მჯერა, რომ არსებობს ისეთი დღეები თქვენს ცხოვრებაში, როდესაც ნამდვილად არ იცით, როგორია თქვენი ემოციური ან სულიერი მდგომარეობა.

მათეს სახარების მე-11 თავში იესო საუბრობს იმაზე, თუ როგორია მისი უღელის ტვირთვა:
„გადაიღალეთ? დაიქანცეთ რელიგიურობით? ჩემთან მოდით. ჩემთან ერთად იარეთ და თქვენი ცხოვრება განახლდება. გიჩვენებთ, რას ნიშნავს ნამდვილი სიმშვიდე. იარეთ და იმუშავეთ ჩემთან ერთად. უყურეთ, როგორ ვაკეთებ ამას. ისწავლეთ სულის სიმშვიდე. ჩემი უღელი ადვილია და ჩემი ტვირთი – მსუბუქი. იყავით ჩემთან და ისწავლეთ, როგორ იცხოვროთ თავისუფლად და მსუბუქად…“

ხშირად ჩვენი ცხოვრების უდიდესი ნაწილი მძიმეა, ნაცრისფერ ნისლში გახვეული, და ამ ნისლიდან ყველაფერს დამახინჯებულად აღვიქვამთ. როდესაც ამ ბურუსში დიდხანს ვცხოვრობთ, ისე ვეჩვევით, რომ ვერც კი ვაცნობიერებთ ჩვენს მდგომარეობას…

ცხოვრობთ ქრისტე იესოში სულის სიმშვიდით? არის კი თქვენი ცხოვრება ნათელი? იქნებ გაურკვევლობის ნისლმა გშთანთქათ? რამდენად სუფთა და გამჭვირვალეა თქვენი ემოციები და სულიერი მდგომარეობა?

აქ რამდენიმე კითხვაა, რომლებზე გაცემული პასუხებიც დაგეხმარებათ, გააცნობიეროთ თქვენი ემოციური და სულიერი მდგომარეობა:
• გიჭირთ თუ არა ჩაძინება? გჭირდებათ ძილისთვის ალკოჰოლი, ტელევიზორი ან პორნოგრაფია?
• რამდენად რთულია დილის დაწყება?
• რამდენად ბუნდოვანია მომავლის აღქმა?
• გასულ კვირას რამდენჯერ წაიკითხეთ ბიბლია?
• ბოლოს როდის იცინეთ ან იყავით მხიარულ ხასიათზე?
• იკვებებოდით თუ არა ჯანმრთელად თუნდაც გასულ კვირას?
• რამდენჯერ ივარჯიშეთ გასულ კვირას?
• თამაშობთ სპორტულ თამაშებს?

მინდა მოგიწოდოთ, რომ გადახედოთ ამ კითხვებს და გასცეთ გულწრფელი პასუხები. ეს კითხვები დაგეხმარებათ, შეაფასოთ არა მარტო საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა, არამედ აღმოაჩინოთ თქვენი ცხოვრების ის სფეროები, რომლებსაც გამოსწორება სჭირდება.

ამ სიაში რამდენიმე კითხვაა, რომლებიც თავდაპირველად, შეფასებისა და შესწორებების გაკეთებისკენ გვიბიძგებს. ასეთი შესწორებებისათვის, პირველ რიგში, უნდა შექმნათ აქტივობის ცხრილი, ერთგვარი გეგმა, რომელიც ჯანმრთელობის აღდგენაში დაგეხმარებათ. თუკი იცით, რომ ვარჯიში გჭირდებათ, მაგრამ მას თქვენს კალენდარში არ მონიშნავთ, სავარაუდოდ, არც არასოდეს გამონახავთ საამისო დროს…

ჩვენ ემოციური არსებები ვართ. გვჭირდება, გავაანალიზოთ საკუთარი მდგომარეობა, მაგრამ ხშირად, უბრალოდ გავურბივართ საკუთარ თავს. ხშირად არ შეგვიძლია თვალი გავუსწოროთ ჩვენს სულიერ სიცარიელეს და მის შევსებას ხორციელი საჭიროებების შევსებით ვცდილობთ, მაგრამ ასე არაფერი გამოვა. თუ გვინდა, რომ ამ ნისლიდან გამოვიდეთ, უბრალოდ სწორი შეფასება და რეალობისთვის თვალის გასწორება უნდა ვისწავლოთ და არც ესაა მხოლოდ საკმარისი, დისციპლინა და დაგეგმარება ისაა, რაც დაგვეხმარება, შევცვალოთ არსებული მდგომარეობა უკეთესობისკენ, იქნება ეს კვების, ვარჯიშისა თუ ბიბლიის კითხვის დისციპლინა.

ჩვენ ქმნილებები ვართ და არა შემქმნელები. ღმერთი არის უსასრულო, ჩვენ კი – სასრულები. ვერც ერთი ჩვენგანი ვერ იტყვის, რომ უსაზღვროა. ჩვენი უმეტესობა ფიქრობს, რომ იმაზე მეტად ზღვარდადებულნი ვართ, ვიდრე სინამდვილეში. ჩვენი ემოციური და სულიერი სისუსტის მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ უარს ვამბობთ, ვაღიაროთ ჩვენი სასრულობა და ჩვენი საჭიროებების შესაბამისად არ ვახორციელებთ რეალურ ცვლილებებს, ცვლილებებს, რომლებიც ასე ძალიან გვჭირდება მარადისობისკენ მიმავალ გზაზე.

წყარო: http://www.preachitteachit.org





ქრისტიანული არხი

შემთხვევითი სიახლეები