ჩვენი ამოცანაა − გვიყვარდეს ადამიანები

87 ნახვა
52 გაზიარება
0 კომენტარი

მიყვარს ცვლილებები. მიყვარს, როცა ადამიანებს ვეხმარები. მიყვარს, როდესაც ვხედავ, როგორ ცვლის ღმერთი ადამიანებს. თუმცაღა, მიუხედავად იმისა, რა დიდი საქმისთვისაც არ უნდა სურდეს უფალს ჩემი გამოყენება, მე თავად არ შემიძლია ადამიანების შეცვლა, ეს ღმერთის საქმეა.

მახსოვს, როცა უფალი იესო ქრისტე ვირწმუნე, ვიფიქრე, რომ ჩემი ვალი იყო, შემეცვალა ადამიანები სახარების გავრცელების გულისათვის. ეს კი სასაცილო გახლდათ, რადგან მე ეკლესიის რომელიმე წევრს არ შევუცვლივარ: ისინი მხოლოდ სიყვარულს გამოხატავდნენ ჩემდამი და მიმართულებას მიჩვენებდნენ ჭეშმარიტების ერთადერთი წყაროსკენ, რომელსაც ძალუძს ჩემი შეცვლა და ეს არის უფალი.

 მიხაროდა, როცა ადამიანები იესო ქრისტეში პოულობდნენ იმედს, მაგრამ უიღბლო და ხელმოცარულ ადამიანად ვგრძნობდი თავს, როდესაც ვინმეს არ სურდა ღმერთთან მისვლა და მისი აღიარება საკუთარ მხსნელად და უფლად. იმედი მიცრუვდებოდა და ეს იმიტომ ხდებოდა, რომ ყველაფერს ჩემებურად აღვიქვამდი. მეტისმეტად ვამახვილებდი ყურადღებას იმაზე, რას ვაკეთებ „მე“ ღმერთისათვის და ვერ ვხედავდი უფრო ფართო სურათს. ვერ ვხედავდი იმას, რომ ღმერთია ყოვლისშემძლე და მას შეუძლია ადამიანების ცხოვრებაში ცვლილებების მოხდენა.

ვფიქრობ, რომ დღესაც ქრისტიანები მეტისმეტად დიდ ტვირთს იკიდებენ მხრებზე, როცა ცდილობენ, ადამიანები უფლისკენ მოაქციონ. ჩვენი ამოცანა ის კი არაა, რომ ვცვლიდეთ ადამიანებს, არამედ ჩვენი ამოცანაა − გვიყვარდეს ისინი. უნდა გვესმოდეს, რომ მხოლოდ სულიწმიდა ფლობს ძალას ადამიანთა შესაცვლელად. ჩვენი მოწოდება ის გახლავთ, რომ სიყვარულით ვუზიარებდეთ სხვებს სახარებას და ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებით ვუჩვენებდეთ მათ ქრისტეს ხასიათს. აი, ამისკენ ვართ ქრისტიანები მოწოდებულნი. ეს უნდა იყოს თითოეული ჩვენგანის მიზანი, რომლებიც ვირჩევთ, რომ ყოველდღიურად ვზიდოთ ჩვენი ჯვარი.  

მთელი ბიბლია რომ „გადაქექოთ“, ვერც ერთ მუხლს ვერ იპოვით იმასთან დაკავშირებით, რომ ღმერთი ადამიანების შეცვლისკენ მოგვიწოდებს. რატომ? იმიტომ, რომ ეს არ არის ჩვენი გასაკეთებელი საქმე და არც არასოდეს ყოფილა ასე. უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ღმერთის საქმეა − იყოს ღმერთი, ხოლო ჩვენი საქმეა − მივიყვანოთ ადამიანები კართან, რომელსაც აწერია „იმედი“. ამის შემდეგ კი უნდა გვერდზე გავდგეთ და შემოქმედს დავუთმოთ ადგილი, რომ დანარჩენზე თავად იზრუნოს.

„ახალ მცნებას გაძლევთ თქვენ: გიყვარდეთ ერთმანეთი. როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი.“იოანეს სახარება 13:34 – სბს სტოკჰოლმი 2001

ნუ დახარჯავთ დროს იმაში, რომ შეცვალოთ სხვები. ნუ ეცდებით. ნაცვლად ამისა, უბრალოდ გიყვარდეთ ისინი.

ჯარედ უილსონი