რა შედეგები მოაქვს ბავშვისთვის კომპიუტერულ ტექნიკასთან გატარებულ საათებს?

60 ნახვა
16 გაზიარება
0 კომენტარი

ტექნოლოგიურმა პროგრესმა მნიშვნელოვანწილად ტექნიკაზე დამოკიდებულნი გაგვხადა. ყველაზე მეტად კი ეს ე.წ. „ციფრულ თაობაში“ იგრძნობა. ბავშვები თითქოს ალღოთი, ინტუიციურად სწავლობენ  კომპიუტერული ტექნიკის მოხმარებას ისე, რომ ამას მათ არც არავინ ასწავლის. ხშირად მშობლებიც უწყობენ ხელს პატარებს, რომ ეს დამოკიდებულება გაღრმავდეს, ზოგჯერ ბავშვების გასაჩუმებლად საუკეთესო იარაღად პლანშეტს ან კომპიუტერთან მათ დასმას ვიყენებთ, რაც, საბოლოოდ, უარყოფითად აისახება მათ ჯანმრთელობასა და ფიზიკურ განვითარებაზე. რა რისკებს შეიცავს ბავშვის ტექნიკით „გატაცება“ და როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ მსგავსი პრობლემის წინაშე არ აღმოვჩნდეთ?

ცნობილია, რომ ონლაინ-აუქციონ „იბეის“ ტექნიკურმა დირექტორმა თავისი ბავშვები ისეთ სკოლაში მიიყვანა, სადაც არ იყენებენ ახალ ტექნოლოგიებს და ძველებურად კალმებითა და ფანქრებით მუშაობას ასწავლიან ბავშვებს, ასევე თიხითა და პლსატილინით ძერწავენ. ამგვარადვე მოიქცნენ სხვა ტექნოლოგიური გიგანტების – „გუგლის“, „ეფლის“, „იაჰუს“ და სხვათა თანამშრომლები. იმ სკოლებში, სადაც მათი შვილები სწავლობენ, არც ერთი კომპიუტერი არ არის. ასევე ცნობილია, რომ სტივ ჯობსის შვილებს არ ჰქონდათ აიფონი.

რატომ არიდებენ ეს ადამიანები ბავშვებს იმას, რაც თავად ყველაზე უკეთ იციან და რასაც თვითონ ქმნიან?

მეცნიერებმა დაადგინეს, თუ რა გავლენას ახდენს ტექნოლოგიების ხანგრძლივი და სისტემატური გამოყენება ბავშვებზე:

მეტყველების განვითარების შეფერხება

ინგლისელმა ლოგოპედმა სალი უორდმა ათი წელი მიუძღვნა კვლევას, რომელმაც უჩვენა, რომ ბავშვების 20%-ს ცხრა წლის ასაკში უკვე აღმოუჩინეს განვითარების შეფერხება, თუ მათი ძირითადი “ძიძა” ტელევიზორი და კომპიუტერი იყო. მათი უმრავლესობა სამი წლის ასაკში მთელი წლით ჩამორჩებოდა თანატოლებს მეტყველების განვითარებით.

ემოციებზე კონტროლის დაკარგვა

ბოსტონის უნივერსიტეტის პედიატრი ჯენი რადესკი ამბობს, რომ გაჯეტების აქტიური გამოყენება ადრეულ ბავშვობაში ხელს უშლის ემპათიის (თანაგრძნობის უნარის), კომუნიკაციის უნარებისა და პრობლემების გადაწყვეტის უნარის განვითარებას. ბავშვები, რომლებსაც ელექტრონული მოწყობილობებით ამშვიდებენ, ვერ სწავლობენ თავიანთი ემოციების მართვას.

განუვითარებელი მოტორიკა

სენსორული ეკრანები არ აძლევს ბავშვს საშუალებას, განავითაროს მოტორიკა, რაც კარგად გამომუშავდება მაშინ, როდესაც ბავშვი წერს, ხატავს, აფერადებს ან ძერწავს. ფერხდება ასევე მამოძრავებელი უნარების განვითარება, რომელთა გარეშე გაცილებით რთულია მათემატიკისა და სამეცნიერო დისციპლინების ათვისება.

მარტოობა

გერმანიაში მოსახლეობის 57%-ის გამოკითხვამ ცნობილ მკვლევარ ჰორსტ ოპაშოვსკის მისცა საშუალება, დაესკვნა, რომ ახალი მულტიმედიური შესაძლებლობები არის მარტოობა მანქანასთან ერთად, და არა პროგრესი კომუნიკაციის სფეროში.

თავად განსაზღვრეთ, რა ზიანის მომტანი შეიძლება იყოს ტექნიკურ „ძიძასთან“ ერთად გატარებული საათები ბავშვისთვის და შემდეგ გადაწყვიტეთ, რა დამოკიდებულება უნდა გქონდეთ ამ ფაქტთან.